აჩიკოს ახალგორში მტერი არ ყავდა, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა - რუსუდან ტატუნაშვილი
ამობეჭდვა · 13 / 04 / 2018 20:49
აჩიკოს ახალგორში მტერი არ ყავდა, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა - რუსუდან ტატუნაშვილი

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედის, რუსუდან ტატუნაშვილის განცხადებით, ოჯახს აქვს ეჭვი, რომ მისი მკვლელობა  საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო შეკვეთილი. ამის შესახებ "პრაიმტაიმი" წერს.

"ჩვენ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ჩვენთვის ცნობილი. 24 დღე გავიდა რაც ექსპერტიზა ჩაუტარეს. ჩვენთვის ისიც საშინელება იყო როდესაც 26 დღე ველოდებოდით აჩიკოს ცხედარს, გადმოსვენებას, იმათ დასკვნას. ახლა ამათ ველოდებით. არც ხელისუფლებიდან არ რეკავს არავინ და არავინ არ გვეხმიანება, მხოლოდ პროკურატურიდან იყვნენ მოსულები და ორშაბათს არის ჩემი მეუღლე დაბარებული. ოჯახს გვაქვს ეჭვი, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა, ოსეთს არანაირი ინტერესი არ ქონდა ჩემი შვილის. რაც აჩიკომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა მას შემდეგ გადაადგილებაც შეუზღუდეს. არჩევნებში ის იყო „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორი. არის ერთი პიროვნება ქესაური კახა, რომელიც ეხლაც იძებნება. აჩიკოს, კახასთან პირადი დაპირისპირება არ ქონია, უბრალოდ სუფრასთან ისხდნენ და საუბრის დროს უთხრა შენ დაგიჭერენ. იქ თუ ვერ დაგიჭირეს აქ მაინც დაგიჭერენო. აჩიკოს ახალგორში მტერი არ ყავდა, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა“ - თქვა რუსუდან ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს.

ტატუნაშვილის ცხედარი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ტეგები