დედაქალაქის მერი რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2018 13:33
დედაქალაქის მერი რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობას და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგებას.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, რამიშვილის ქუჩა ცალმხრივი გახდება და ამ მიმართულებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახური უკვე მუშაობს.

“ადგილზე პარალელურად იმუშავებს “ჯი-ვი-პი” და “თელასი”, რადგან კომუნიკაციები არასწორად იყო გაკეთებული. შეიცვლება განათებები, ბოძები და ბორდიურები. ტროტუარები გაფართოვდება, რადგან ქვეითად მოსიარულეებისთვის შეუძლებელი იყო თავისუფლად გადაადგილება. ვფიქრობთ, რომ ეს ქუჩა ცალმხრივი გავხადოთ და ამაზე მუშაობს ტრანსპორტის სამსახური”, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ენ სი“ აწარმოებს, რამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წლის 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 200 000 ლარია.

ტეგები