ნაძალადევში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2018 14:14
ნაძალადევში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ერთ-ერთი განახლებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში, 58-ე კორპუსის წინ მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, გამგეობა სხვადასხვა ტიპის პროექტებს ახორციელებს. მიმდინარე წელს რეაბილიტირებული ხუთი მოედნიდან სამი ზღვის უბანში მდებარეობს. მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი მოვაწყეთ. მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს აშენებს, რაც მთლიანად ზღვის უბანს კიდევ უფრო განავითარებს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ხუთივე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 193 687 ლარი გამოიყო. წლის ბოლომდე, გამგეობის დაკვეთით, რეკონსტრუქცია კიდევ რამდენიმე მოედანს ჩაუტარდება.
 

ტეგები