განათლება და ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 14:28 · 12 ნახვა
განათლება და ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას

შვედეთის პარლამენტის, შვედეთის საელჩოს, გაეროს, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები კაჭრეთს 14 აპრილს ეწვივნენ.

თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იზაბელ დინგიზიანი - შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მარტინა ქუიქი - შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნათია ნაცვლიშვილი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელი და ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდნენ საზოგადოებრივი კოლეჯის მასწავლებლებს, სტუდენტებს და ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრებს.

სტუმრებმა კოლეჯის ტერიტორია, აუდიტორიები, სახელოსნოები და სასწავლო ნაკვეთები დაათვალიერეს, მოინახულეს მცირე ფერმები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებსაც ქალი ფერმერები ხელმძღვანელობენ.

„გენდერული თანასწორობა საქართველოს წარმატებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობაა. ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ გასული წლების მანძილზე და განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას არსებული გამოწვევების დასაძლევად,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.

„ადგილობრივი ეკონომიკა სოფლად მცხოვრები ქალების მხრებზე დგას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალები აძლევენ ბიძგს იმ ტრანსფორმაციულ ცვლილებას, რომელიც მდგრად განვითარებას განაპირობებს. გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობის მიზანია აღჭურვოს სოფლად მცხოვრები ქალები გადაწყვეტილების მიღებისა და მეწარმეობისათვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. მხოლოდ გასულ წელს, 300-მდე ქალი, რომელმაც პროფესიული გადამზადება გაიარა, დასაქმდა სხვადასხვა ადგილობრივ ბიზნესში. ქალების მიერ შემუშავებული 41 ადგილობრივი პროექტიდან 22-მა სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. 14 ქალმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო,“ - თქვა ნათია ნაცვლიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელმა.

კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში სტუმრობისას გაიმართა მსჯელობა სოფლად მცხოვრები ქალების წინაშე მდგომი გამოწვევების შესახებ. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და საქართველოს წინსვლაზე გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.

კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ვიზიტი გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება.

კაჭრეთში გატარებული დღე იზაბელ დინგიზიანის, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ნაწილია, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოწვევით გაიმართა.



 

ტეგები