ვეფხია ბაქრაძის შეწყალება ბარნოვზე მოკლული გოგოს დედამ ითხოვა
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 15:06
ვეფხია ბაქრაძის შეწყალება ბარნოვზე მოკლული გოგოს დედამ ითხოვა

ვეფხია ბაქრაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს ყოფილმა ცოლმა თავად მიმართა. ამის შესახებ ვეფხია ბაქრაძის შვილებმა ლიკა და მარიამ ბაქრაძეებმა “ქრონიკას” უთხრეს.

ოჯახის ინფორმაციით ვეფხია ბაქრაძესა და ნათია გობაძეს, ბარნოვზე მოკლული გოგოს დედას, ერთმანეთთან ინტენსიური კავშირი ჰქონდათ, თუმცა გობაძე ამ ინფორმაციას მალავდა. მათივე ინფორმაციით ვეფხია ბაქრაძემ ნათია გობაძესთან მკვლელობამდე 10 დღით ადრე იქორწინა.

ბაქრაძის შვილების განცხადებით მათ მამის დანაშაულში ეჭვი არ ეპარებათ, თუმცა მათივე ვარაუდით მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში მოხდა და მომხდარს წინ მათთვის უცნობი ფაქტი უძღვოდა.

მანამდე ბარნოვზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

შსს-ში განმარტავენ, რომ ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. ეს მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იყო. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.

დაღუპულის დედის მეგობარი კაცი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე, სოფელ თელეთში გუშინ დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

წყარო: imedinews.ge

ტეგები