ძალადობრივი დანაშაულის საქმეებზე დროებით ვწყვეტთ შეწყალების აქტების გამოცემას - პრეზიდენტი
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 15:17
ძალადობრივი დანაშაულის საქმეებზე დროებით ვწყვეტთ შეწყალების აქტების გამოცემას - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე საგანგებო ბრიფინგს მართავენ. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეწყალების კომისია ძალადობრივი დანაშაულის საქმეებზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის შეძრწუნებულია მკვლელობით და საზოგადოებას კითხვები სრულიად ლეგიტიმურად გაუჩნდა.

„ჩვენ კიდევ უფრო უნდა ჩავუღრმავდეთ პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, მანამ სანამ არ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესს, რომელიც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე მოიცავს იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთნ დაკავშირებით.

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, - ამის შესახებ 14 აპრილს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მამინაცვალს, რომელმაც 25 წლის გერი, თაკო გამრეკელაშვილის მოკლა, 13 აპრილს შსს-მ ბრალი დაუმძიმა და გამოძიება 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ტეგები