პრეზიდენტის განმარტება - ბარნოვზე მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 15:23 · 127 ნახვა
პრეზიდენტის განმარტება - ბარნოვზე მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თბილისში,ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე. 

“რამდენიმე დღეა საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში მოხდა. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის აქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმე არის ეს მოვლენა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, სრულიად ლეგიტიმურად, საზოგადოება ითხოვს ამ მოვლენის ახსნას და ჩვენ მზად ვართ, ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ბრიფინგზე საქმის ყველა დეტალზე ისაუბრა, რაც მისთვის შეწყალებისას იყო ცნობილი.

“2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, რომელიც მაშინ მსჯავრდებული იყო, ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის შემდეგ იქნა დაკავებული და მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა, მეორე მიმართვისას კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის დაწესებულების ინსპექტორის დადებით დასკვნას და სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო. თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ამ დეტალზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მარგველაშილმა.

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, - ამის შესახებ 14 აპრილს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მამინაცვალს, რომელმაც 25 წლის გერი, თაკო გამრეკელაშვილის მოკლა, 13 აპრილს შსს-მ ბრალი დაუმძიმა და გამოძიება 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ტეგები