ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის დედა ყოფილი მეუღლის შეწყალების საქმეზე განმარტებას აკეთებს
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 15:36 · 269 ნახვა
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის დედა ყოფილი მეუღლის შეწყალების საქმეზე განმარტებას აკეთებს

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა, ყოფილი მეუღლის შეწყალების საქმეზე განმარტებას აკეთებს. ნათია გობაძის თქმით, ვეფხია ბაქრაძის ციხეში ყოფნის პერიოდში განცხადება დაწერა, თუმცა არა გათავისუფლების მოთხოვნით, არამედ მისი შვილის სოციალური დახმარების საკითხზე. ამის შესახებ IPN წერს.

"ვეფხია რაც ციხეში იყო, იმ პერიოდში ორჯერ ვიყავი მასთან. ორივეჯერ მისი დაჟინებული თხოვნით. ერთხელ დამირეკა და მითხრა, რომ ლიკას, თავის შვილს სოციალურ დახმარებას არ აძლევდნენ და ჩემი განცხადება იყო საჭირო. მე დავთანხმდი და ვუთხარი, რომ ლიკას გამო ამას გავაკეთებდი. მე და ლიკა წავედით ავლაბარში ,ზუსტად არ მახსოვს რა დაწესებულება იყო და დავწერე განცხადება ორი სიტყვით, შეიწყალეთ ვეფხო, ლიკამაც მოაწერა ხელი. მერე გაირკვა, რომ უარი მოვიდა ჩვენს განცხადებაზე. როგორც ახლა ვიგებ, ეგ ყოფილა ის განცხადება, რომ ის ციხიდან გამოსულიყო. რომ მცოდნოდა, ამას რატომ დავწერდი? მე ვიფიქრე, რომ ლიკას დავეხმარები მეთქი", - აღნიშნა ნათია გობაძემ.

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, - ამის შესახებ 14 აპრილს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

ტეგები