ბიუროს სხდომაზე 18-20 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 17:06 · 13 ნახვა
ბიუროს სხდომაზე 18-20 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს

18-20 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე სასესიო კვირაში, კანონმდებლები 80-მდე საკითხს განიხილავენ. სხვადასხვა კანონპროექტთან ერთად, პარლამენტის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიშს და სსიპ-იურიდიული დახმარების სამსახურის განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციებს მოისმენენ.

პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების განსაზღვრისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ „პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა 18 აპრილის სხდომაზე მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე 3-4 კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენა იგეგმება, რის გამოც დადგენილების პროექტის განხილვა ვერ მოესწრება. აღნიშნულ საკითხს, დეპუტატები ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

პარლამენტის რეგლამენტში შედის ცვლილება, რომელიც საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანებას ან ახალი ასამბლეის შექმნას ითვალისწინებს. „დღემდე პრაქტიკა იყო ასეთი, რომ დადგენილებით მიიღებოდა გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე, თუმცა რეგლამენტში ამას არ ქონდა საფუძველი და ამიტომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. ორი საკითხი განიხილება აქტიურად, ერთი ეს არის პოლონეთთან თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება და მეორე, საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა და რადგან რეგლამენტში არ არის სამართლებრივი მყარი საფუძველი, მნიშვნელოვანია აღნიშნული ცვლილებების შეტანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს შემდეგი სხდომა პარლამენტის ქუთაისის სასახლეში 18 აპრილს, 11.30 საათზე გაიმართება.




 

ტეგები