ზვიად ქორიძემ ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც შეწყალების კომისიამ მიიღო
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 18:09
ზვიად ქორიძემ ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც შეწყალების კომისიამ მიიღო

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ ის დოკუმენტები გაასაჯაროა, რომელიც კომისიამ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან მიიღო.

ქორიძის განცხადებით, დაწესებულებიდან მიღებული დახასიათება ქორიძესთან მიმართებაში დადებითია.

„საკითხი უკვე დაისვა, თუ რითი ხელმძღვანელობდა კომისია, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა. პროცედურულად, აგიხსნით, რომ კომისიაში მოდის კონკრეტული მსჯავრდებულის საქმეები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც ის იხდის მსჯავრს. მანამდე თავად მსჯავრდებული, ან მისი ოჯახი, ან მისი ადვოკატი, ან მისი უფლებამონაცვლე პირი წერს განცხადებას და გვაწვდის ინფორმაციას, რომ ამ კონკრეტულ ადამიანს სურს შეწყალება. ამის შემდგომ, ეს მოთხოვნით ფორმით იგზავნება მსჯავრდებულთან საპატიმრო დაწესებულებაში და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვიღებთ მასალებს. ეს მასალები არის განაჩენი, დახასიათება, ფსიქოლოგის დახასიათება, სამართლებრივი სამსახურის დახასიათება და ასევე სამედიცინო ცნობა, რომელიც ერთვება საქმეს“, - განაცხადა ქორიძემ,

რაც შეეხება უშუალოდ ვეფხია ბაქრაძეს, ქორიძის ინფორმაციით, იგი სასჯელს თავდაპირველად იხდიდა ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, ხოლო შემდეგ თბილისის მე-12 დაწესებულებაში, საიდანაც კომისიამ მიიღო დახასიათება.

„გამოგზავნილი დახასიათების თანახმად: სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული არც დასჯილი ყოფილა და არც წახალისებული. იგი იცავდა დაწესებულების დებულებას, დღის განგრიგსა და სამართლებრივ რეჟიმს. ასრულებდა ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს; დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში იყო თავაზიანი, არ იყო კონფლიქტური და აგრესიული. სოციალური მუშაკის განმარტებით, ბაქრაძეს აქვს საშუალო განათლება, დაამთავრა თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლა. ჰყავს ოჯახი და ოთხი შვილი. იგი ხშირ ვიზიტებს ახორციელებს დაწესებულების ბიბლიოთეკაში, უყვარს კითხვა, ესწრება ფილმების ჩვენებებს და ვარჯიშობს დაწესებულებაში არსებულ სპორტულ დარბაზში. ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, ბაქრაძეს ჩაუტარდა რამდენიმე ინტერვიურება. იგი განსაკუთრებული რისკფაქტორის გარეშეა. მსჯავრდებული გარეგნულად მოწესრიგებულია, ინტერვიურების პროცესში მშვიდი და გაწონასწორებულია, არ ქმნის დაწესებულებაში კონფლიქტურ სიტუაციებს, გამომუშავებული აქვს დროის მართვის უნარები, აქვს სამუშაო გამოცდილება, აწარმოებს ადეკვატურ კომუნიკაციას. მისი ძირითადი მოტივატორი არის ოჯახი და მასზე ზრუნვა. მსჯავრდებული დანაშაულის შეფასებისას ადეკვატურია, ნეგატიურ კონტექსტში განიხილავს თავის ქცევას, ვლინდება პასუხისმგებლობის განცდა. ასევე არის სამედიცინო დასკვნა, სადაც არ ფიქსირდება არანაირი ისეთი დაავადება, რომელიც იყო სულიერი აშლილობის ან სხვა ფსიქოლოგიური ხასიათის. შეწყალება პირველად 2015 წლის ივლისის კომისიაზე იხილებოდა. მაშინ კომისიამ უარყოფითი დასკვნა გასცა პრეზიდენტთან. 2016 წლის ოქტომბერში კი პრეზიდენტს დადებითი დასკნა მიაწოდა იმ მონაცემების საფუძველზე, რაც კომისიას ჰქონდა”, - განაცხადა ქორიძემ.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტები შეწყალების კომისიამ ბაქრაძის გათავისუფლებამდე 8 თვით ადრე მიიღო.

ტეგები