სოფიო ქაცარავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 18:20 · 10 ნახვა
სოფიო ქაცარავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კოპენჰაგენში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრებს სიტყვით მიმართა.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და ეუთო-ს სივრცეში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებზე. მან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უსაფრთხოება არის ჩვენი უპირველესი საზრუნავი და ინტერესი. ეუთო-ს წევრი ქვეყნების მთელი ძალისხმევა სწორედ აქეთკენ უნდა მიიმართოს. ასამბლეის სახელით უნდა გადაიდგას საგულისხმო ნაბიჯები, რომ ოკუპაცია, საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დარღვევა და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა დაუშვებელი იყოს ეუთო-ს სივრცეში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხს, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე, უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში. მან ყურადღება გაამახვილა და ეუთო- ს ივრცეში ამ გამოწვევის მნიშვნელობაზე. „წევრი ქვეყნების ყურადღება უნდა მიიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის გამომწვევ მიზეზებსა და მათ მოგვარებაზე, რაც აქტიურად უნდა დადგეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ბიუროს სხდომაზე ასევე, ისაუბრა ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი კომიტეტის საქმიანობაზე.

ტეგები