თავის არეში ხშირი ტრავმების შედეგია, რაც სჭირს - გერის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძის პირველი ცოლი
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 18:50 · 855 ნახვა
თავის არეში ხშირი ტრავმების შედეგია, რაც სჭირს - გერის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძის პირველი ცოლი

თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ოთხი ცოლი ჰყავდა, რომლებთანაც მას ოთხი შვილი შეეძინა. რიგით მეოთხე ნათია გობაძეა, რომელსაც თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, ვეფხვია ბაქრაძემ 25 წლის შვილი დანით მოუკლა.

ვეფხია ბაქრაძემ თავდაპირველად ოჯახი ლალი კვარაცხელიასთან შექმნა.

ლალი აფხაზეთიდან დევნილია, რომელმაც სკოლა თბილისში დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა არ გააგრძელა, იმიტომ, რომ ვეფხია გაიცნო და შეუყვარდა. ვეფხიას მამა ადრე გარდაეცვალა და დედასთან და და-ძმასთან ერთად, გლდანში ცხოვრობდა.

ვეფხია და ლალი მალე დაქორწინდნენ. ცოლ-ქმარს ორი გოგო შეეძინა. დაახლოებით 1995 წელს, როდესაც მარი 3 წლის და ლიკა 2 წლის იყო, ცოლ-ქმარი დაშორდა.

„თავდაპირველად კარგი, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. მერე და მერე აგრესიული გახდა, მცემდა კიდეც. შვილების მიმართაც აგრესიული გახდა. როცა სახლში მთვრალი მოდიოდა, ოჯახის წევრებზე აგრესიას გამოხატავდა. შვილების გამო იძულებული ვიყავი, გავშორებოდი. მეც მეხვეწებოდა ხოლმე ისევ შერიგებას, ერთხელ დავთანხმდი და შევურიგდი, მაგრამ რადგან სახლში იგივე განმეორდა, წამოვედი და კონტაქტი საერთოდ გავწყვიტე. ეს იყო 1995 წელს. წამოვიყვანე ჩემი შვილები და ახალი ცხოვრება დავიწყე. ერთი წლის შემდეგ ოჯახი ხელმეორედ შევქმენი. დღეს, სამი შვილი მყავს. მეუღლე კი გარდამეცვალა“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ვეფხია ბაქრაძის პირველი მეუღლე ლალი კვარაცხელია.

ლალი კვარაცხელია ამბობს, რომ მის ყოფილ მეუღლეს ახალგაზრდობაში რამდენჯერმე ფიზიკური ტრავმა აქვს მიღებული.

„ჯერ კიდევ მისი ცოლი ვიყავი, როდესაც თბილისიდან ბათუმში მატარებლით მიდიოდა, ბათუმიდან თურქეთში უნდა გადასულიყო. სავარაუდოდ, ვიღაცამ იცოდა, რომ მას ფული ჰქონდა. კასპში, ლიანდაგზე დაგდებული იპოვეს. თავში ჭრილობა ჰქონდა. ვეფხიას ძმას დაურეკეს და კასპში ჩავედით. მაშინ საავადმყოფოში იწვა. ამის შემდეგ, ვეფხია ავარიაში მოჰყვა და მაშინაც თავი დაუზიანდა. ასე რომ, თავის არეში ხშირი ტრავმების შედეგია, რაც სჭირს“, – ამბობს ლალი კვარაცხელია.
მას შემდეგ, რაც ვეფხია ბაქრაძე პირველ მეუღლეს დაშორდა, მეორედ დაოჯახდა. ოჯახს გოგონა შეეძინა.

„ერთხელ, ვეფხიას მეორე ცოლი დედასთან ერთად შემთხვევით შემხვდა. ფეხმძიმედ იყო. ტიროდა. მივხვდი, რომ ისიც ცუდ დღეში იყო. თურმე ფეხმძიმე ცოლს სცემდა. მათ გოგონა შეეძინათ. ახლა ის ბავშვი დაახლოებით 18-19 წლის იქნება. იმასაც დაშორდა“, – ამბობს ლალი კვარაცხელია.

მისივე თქმით, ვეფხია ბაქრაძე მესამედ დაოჯახდა და მასთან ვაჟი შეეძინა.

ლალი კვარაცხელია ამბობს, რომ ნათია გობაძე რიგით მეოთხე ცოლი იყო.

„ჩემ შვილებს, მარის და ლიკას თაკოსთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. თაკოს ამბავი ჩემი შვილებისგან გავიგე. მერე ტელევიზიიდანაც ბევრი რამ გავიგე. როგორ განვიცდი და მეცოდება თაკო. ვეფხიას გამართლება როგორ შეიძლება, ან ეს როგორ გააკეთა, მაგრამ დედამისს რომ პრეზიდენტისთვის შეწყალებით არ მიემართა, თაკო გადარჩებოდა. როგორ მიმართა პრეზიდენტს?! მაგის გამოშვება შეიძლებოდა?! ეგ ქალი ორპირია. როგორც ვიცი, დედა თაკოსთანაც არ იყო გულახდილი. ჩემთვის ცნობილია, რომ ვეფხიამ და ნათია გობაძემ ხელი მოაწერეს და საზღვარგარეთ წასვლას აპირებდნენ. მაგ ქალმა მოკლა თავისი შვილი. როგორ მოუწერა ხელი?! თუ მე არ მინდა, ვინმეს ხელს მოვუწერ?! შვილი ეწინააღმდეგებოდა, მისი სურვილი იყო, დედა ვეფხიას დაშორებოდა იმიტომ, რომ ხშირად კონფლიქტი ჰქონდათ. ნათია ციხეშიც აკითხავდა ვეფხიას. შეიძლება ეს შვილებმა არც კი იცოდნენ. ვფიქრობ, რომ დედა შვილებს ატყუებდა და გულახდილი არ იყო“, – ამბობს ლალი კვარაცხელია „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ვეფხია ბაქრაძე, რომელმაც ბარნოვის ქუჩაძე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი დანით მოკლა, წარსულში ნასამართლევი იყო და მან საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების აქტის შედეგად დატოვა.

მკვლელობის დღეს, ნათია გობაძემ შვილთან, თაკო გამრეკელაშვილთან ერთად, პოლიციას მიმართა და ვეფხია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვა.
თაკო გამრეკელაშვილმა პოლიციის შენობა დედაზე ადრე დატოვა და ბარნოვის ქუჩაზე შვილებთან ერთად მივიდა, სადაც დანაშაული მოხდა.
ვეფხია ბაქრაძემ გერი, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით მოკლა.

წყარო: kvira.ge

ტეგები