ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს“ წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმსჯელეს
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2018 19:51
ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს“ წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმსჯელეს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძესა და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას შეეხო, სადაც დეტალურად იქნა მიმოიხილეს საკანონმდებლო ინიციატივის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე, ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომელთა ძალაში შესვლაც გაართულებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს. „ძველი თბილისის რეაბილიტაცია არ ეხება მხოლოდ ისტორიული შენობების აღდგენას, ეს საკითხი, პირველ რიგში, იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს და მათი უფლებების რეალიზებისკენ იყოს მიმართული. ჩვენთვის ძველი თბილისი არ არის მხოლოდ შენობა, ის არის ადამიანებს შორის ურთიერთობა, ტრადიციები, რაც შეუფასებელია. დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რის ფარგლებშიც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგად მივიღოთ. სწორედ ამიტომ, პროცესის წარმართვა უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერებისა და რისკების გაანალიზების საფუძველზე,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, დადებითად შეაფასა აღნიშნული შეხვედრა და საკითხის დეტალური განხილვის საჭიროებაზე ისაუბრა: „მისასალმებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა, რადგან მოხდეს, ერთი მხრივ, ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევა, ამავდროულად, გაუმჯობესდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მექანიზმები“.

როგორც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, „თბილისის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის 1769 ძეგლია, მათ შორის, 1759 ძველი თბილისის ისტორიულ საზღვრებშია მოქცეული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი, ძირითადად, 2007 წელს განიხილებოდა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ გარკვეულ ნაწილს კულტურულ ძეგლთან საერთო არაფერი აქვს. დღეს არსებული ძეგლებიდან დაახლოებით 1200-მდე საჭიროებს სხვადასხვა სახის რეაბილიტაციას, ამისთვის კი საჭიროა რეგულარული სამუშაო ჯგუფების არსებობა და თბილისის მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობა“.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ ისაუბრა პროცედურულ საკითხებზე და განაცხადა: „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავს სამუშაო ჯგუფებში აქტიური ჩართულობა, რადგან პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებმა, ასევე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს სამუშაო რეჟიმის გაგრძელების შესახებ ეფექტური საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.
 

ტეგები