ეკა ბესელიამ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2018 16:26 · 6 ნახვა
ეკა ბესელიამ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)წარმომადგენელს საქართველოში, ლაილა ომარ გადს შეხვდა.

სტუმარმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც პარლამენტის მხრიდან საქართველოში გლობალური პარტნიორობის პლატფორმასთან მიერთებას უძღვება, ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის გლობალური პარტნიორობის ქსელის გადაწყვეტილება მიულოცა, რომლის თანახმად, საქართველო ამ პარტნიორობაში ერთ-ერთი გზამკვლევი ქვეყანა იქნება. მხარეებმა იმ აქტივობებზე ისაუბრეს, რომლებსაც გზამკვლევი ქვეყნის ვალდებულებები მოიცავს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა სხეულებრივი დასჯის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვა.

ლაილა ომარ გადმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ აღნიშნულ საკითხებზე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გასვლით შეხვედრაზე მსჯელობის შემდეგ გამოთქმული მზადყოფნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესი იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში წარიმართება. ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეს პროცესი ჰარმონიზაციაში იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო პროცესში, ასევე ჩართული იქნება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი.

შეხვედრაზე საუბარი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის საკითხებსაც შეეხო. ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა ლაილა ომარ გადს და გაეროს ბავშვთა ფონდს ამ პროცესის მხარდაჭერისთვის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროცესის მონიტორინგის გაძლიერებისთვის იგეგმება სამოქმედო გეგმაში ახალი აქტივობების დამატება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონის იმპლემენტაციის პროცესში, მნიშვნელოვანი იქნება წარმატებული პრაქტიკის გაცნობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ტეგები