ეკა ბესელიამ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის თაობაზე ისაუბრეს
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2018 16:40
ეკა ბესელიამ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის თაობაზე ისაუბრეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია  ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს და ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.

მხარეებმა ისაუბრეს  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მიმართულებებზე, უფლებამოსილებებზე, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევაზე, სამსახურის დამოუკიდებლობაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სხვა უწყებებთან ურთიერთობების საკითხებზე და სხვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტის საკომიტეტო  განხილვამდე, კომიტეტი დეტალურად გაეცნობა ყველა დაინტერსებული მხარის მიერ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს და წინადადებებს. მისივე თქმით, კანონის მიღების შემდეგ კომიტეტი მისი იმპლემენტაციის პროცესზე მონიტორინგს განახორციელებს.

აღინიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური, რომლის უფლებამონაცვლედაც  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განისაზღვრება, ეფექტურად ახორციელებდა მასზე დაკისრებულ საქმიანობას.

შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომლის უფლებამოსილებებშიც, ასევე შევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება, შეძლებს მისი უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელებას.

ტეგები