სუს-ის ანგარიშში აქცენტები სწორადაა დასმული – სოფიო კილაძე
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2018 12:06
სუს-ის ანგარიშში აქცენტები სწორადაა დასმული – სოფიო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, სუს-ის ანგარიშში აქცენტები სწორადაა დასმული.

მისივე თქმით, ანგარიშის მიხედვითაც, ნათლად ჩანს, რომ რუსულმა პროპაგანდამ დიდ მასშტაბებს მიაღწია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პროპაგანდა არ მომძლავრდეს.

„აბსოლუტურად სწორად არის აქცენტი დასმული იმ გამოწვევებზე, რომლებიც ნამდვილად დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე მოცემულ მომენტში. ყველა ჩამოთვლილი საკითხი პრობლემურია. ბუნებრივია, ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ჩვენი ყველას სატკივარი. ეთნიკური ქართველები იდევნებიან, ცხოვრობენ შიშსა და ტერორში, შეზღუდულია მათი უფლებები და მიდის რუსიფიცირების პროცესი. ეს არის სამწუხარო რეალობა და სამწუხაროდ, ჩვენი იურისდიქცია იქ არ ვრცელდება და ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული, რომ რაიმე ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს და მთავრობის ინიციატივა პარლამენტში უკვე შემოსულია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობის უფლებების გაუმჯობესებას ემსახურება. ვფიქრობ, როდესაც პარლამენტი მიიღებს ამ ინიციატვას, შეგვეძლება გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. რაც შეეხება პროპაგანდას, ანგარიშის მიხედვითაც, დიდ მასშტაბებს მიაღწია, დახურულ მოსმენაზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ სუს-ის მოადგილისგან და ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო. ბევრ კითხვას პასუხი გაეცა. ეს გამოწვევა ნამდვილად არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროპაგანდა არ მომძლავრდეს“, – განაცხადა სოფიო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენენ. დოკუმენტს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური წარადგენს.
 

ტეგები