სოფიო ქაცარავა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2018 15:51
სოფიო ქაცარავა  ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ბულგარეთს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, დესისლავა ივანოვასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა მაისის თვეში, საქართველოში, დაგეგმილი ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დეტალები განიხილეს, რომელსაც ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯემა გროზდანოვა უხელძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის საპარლამენტო მუშაობაში გამოცდილების გაზიარება, ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერება, განათლება, მეცნიერება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სხვა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას და ამ კუთხით ბულგარეთის მთავრობის პრიორიტეტების ფარგლებში ჩატარებულ მუშაობას, შედეგებს და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბულგარეთსა და საქართველოს პარლამენტებს შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურების დინამიკა.

„მაისში დაგეგმილია ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებში გავაფორმებთ თანამშრომლობის მემორანდუმს კომიტეტებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთთან, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ქვეყანასთან, ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავააქტიურეთ თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მაისში დაგეგმილი ვიზიტი“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ტეგები