პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სასჯელაღსრულების სამინისტრო ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2018 16:22
პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სასჯელაღსრულების სამინისტრო ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

უახლოეს მომავალში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„მთავარი სულისკვეთება არის, რის შესახებაც ლაპარაკობდა პრეზიდენტი მის ბრიფინგზე, რომ მნიშვნელოვანია პროცესი გაუმჯობესდეს, ფაქტია, იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრს, კახა კახიშვილს ჰქონდა საინტერესო ხედვა შეწყალების პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

„მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებაზე. შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე რომელიც პროცესს გააუმჯობესებს. აქ იქნება მთელი რიგი მექანიზმები გაწერილი“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მისაღებია მინისტრის ინიციატივა, კომისიის შემადგენლობაში იყოს ჩართული სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი.

„ეს სამუშაო პროცესი, საბოლოო ჯამში, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას, რომელიც მოახდენს პრევენციას იმ სამწუხარო ფაქტების, რომელიც შესაძლოა იყოს. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, იყოს გასაუბრებები მსჯავრდებულთან, მინისტრს ჰქონდა ეს პოზიცია“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად პროცესის გაუმჯობესება მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით მოვლენებს გამოეხმაურა. მარგველაშვილის თქმით, შავი პიარის ტალღა "ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა.“

პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკლელობის შემდეგ მორიგი განხილვის საგანი გახდა. გაირკვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე წარსულში ნასამართლევი და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარია. 

ტეგები