ჩუღურეთის რაიონში რამდენიმე მისამართზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2018 13:09
ჩუღურეთის რაიონში რამდენიმე მისამართზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, რამდენიმე მისამართზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებულ რიყის ქვის გზას ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს. 
 
ბაგრატიონის ქუჩასა (1750მ2) და 9 ძმის მეორე შესახვევში (385მ2) რიყის ქვის დემონტაჟი განხორციელდა, ქვაფენილის გამაგრების ზოლები განთავსდა და ამ ეტაპზე, ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა მიმდინარეობს. ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი გზის მშენებლობის დასრულება ერთ თვეში იგეგმება.
 
სამუშაოები უკვე დასრულდა აფხაზეთის ქუჩის პირველ შესახვევში (403მ2) და მოსახლეობას უკვე საშუალება აქვს, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს. აღნიშნულ მისამართებზე საგზაო ინფრასტრუქტურა რამდენიმე ათეული წელია არ მოწესრიგებულა. არსებული რიყის ქვა მთლიანად დაზიანებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა.
 
წლის ბოლომდე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ქვაფენილის მოწყობას კიდევ სამ მისამართზე გეგმავს. საგზაო სამუშაოებს კომპანია შპს „გლობალ ჰაუსი“ ასრულებს.

ტეგები