ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2018 16:57
ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

ნატო-ს დღეების ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე, რომელიც  ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და გაძლიერებას ემსახურება. მინისტრმა ასევე ნატო-ს დღეების მნიშვნელობასა და მიზანზე ისაუბრა.

„დღეს, ჩვენი ურთიერთობები ნატოსთან არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს არის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებული სიტყვები. ეს არის ნატო-ს გზავნილი საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც გამოხატავს ნატოს ხელმძღვანელობის და მისი წვერი ქვეყნების პოზიციას.“ - განაცხადა მინისტრმა სტუდენტებთან საუბრისას. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრისას ასევე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ხაზი გაუსვა მთავრობის საბოლოო მიზანს, რასაც ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.

„არჩევანი, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წვერი, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. ეს არჩევანი, რომ გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, გავაკეთეთ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, და ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც უკავშირდება ჩვენს მეტ უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას და რაც მთავარია დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტს განმტკიცებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

ლექციის ფარგლებში მინისტრმა  სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის (GIPA) , თავისუფალი უნივერსიტეტის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ევროპული ახალგაზრდული ცენტრის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. ასევე სტუდენტური არასამთავრობოს გაერთიანებების  YATA Georgia და YES Georgia წარმომადგენლები.

ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

ტეგები