დიმიტრი ხუნდაძემ შახტაში ყველა პროცესი მეშახტეებთან ერთად გაიარა
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2018 20:12 · 29 ნახვა
დიმიტრი ხუნდაძემ შახტაში ყველა პროცესი მეშახტეებთან ერთად გაიარა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  დიმიტრი ხუნდაძე  დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან ერთად,  ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 300 მეტრ სიღრმეზე მეშახტეებთან ერთად  5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. დეპუტატი ყველა საწარმოო პროცესს დაესწრო და ის გზა გაიარა, რასაც შახტაში დასაქმებულები ყოველდღიურად გადიან.   

როგორც დეპუტატმა შახტიდან ამოსვლის შემდეგ აღნიშნა, ყველაზე მთავარი საზრუნავი ადამიანების სიცოცხლის დაცვა და უსაფრთხო პირობების შექმნაა.    

„ქვანახშირის მოპოვების მთელი პროცესი გავიარეთ,  დავესწარით აფეთქების 2 პროცესს. სრულად ვნახეთ, როგორ ხდება  ქვანახშირის მოპოვება, ჩატვირთვა და  მიწის ზედაპირზე ტრანსპორტირება. გავესაუბრეთ იქ დასაქმებულ მეშახტეებს, რომლებიც საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობენ. გარდა იმისა, რომ ეს მაღალი რისკის პროფესიაა, ისინი ნამდვილად უშიშარი ადამიანები არიან, არსებულ ყველა რისკფაქტორთან ერთად, შიშიც გარკვეულ რისკფაქტორს მატებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი ადეკვატური უსაფრთხოების ნორმების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ საკანონმდებლო აქტიურობა საკმარისი არ იქნება: „ვფიქრობ, უსაფრთხოების ნორმები ადეკვატური უნდა იყოს. შესამუშავებელია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, რომ შრომითი უსაფრთხოება უფრო მაღალი სტანდარტებით იყოს დაცული. ვფიქრობ, მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები საკმარისი არ იქნება. მთავარია, შრომითი უსაფრთხოებისა და ადამიანების სიცოცხლის დაცვა. საჭიროა ჯანდაცვის პაკეტის გაფართოება, სოციალური პროგრამები და ამავდროულად, მუშაობა უნდა დავიწყოთ  ამ ტიპის მაღალი რისკის პროფესიის  ადამიანებისთვის საპენსიო ასაკის დაწევაზე.“

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შახტაში ტექნიკა მოძველებულია. მან წარმოების უფროსს მადლობა გადაუხადა, იმ შესაძლებლობისთვი, რომ უშუალოდ ადგილზე გაეცნობოდა, რა პირობებია შახტაში.

ტეგები