საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარს უმასპინძლებს
ამობეჭდვა · 22 / 04 / 2018 10:25
საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარს უმასპინძლებს

23-25 აპრილს, ბათუმში,საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი - „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ გაიმართება.

სემინარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისასალმებელი სიტყვით გახსნის. მონაწილეებს მიმართავენ და კონფერენციის ფარგლებში გამართულ დიკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლუკას ბეგლინგერი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ხედვისა და რეგიონალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ.

როუზ-როსის 97-ე სემინარში მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

ტეგები