ეკა ბესელია სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით, სლოვენიას ეწვევა
ამობეჭდვა · 22 / 04 / 2018 13:15
ეკა ბესელია სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით, სლოვენიას ეწვევა

23-25 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ევროკავშირ-საქართველოს პროგრამის (EU4Justice) სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით, სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, სლოვენიას ვიზიტით ეწვევიან.

შეხვედრები გაიმართება: სლოვენიის პარლამენტის მართლმსაჯულების კომიტეტის პრეზიდენტთან, მართლმსაჯულების საბჭოს პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, სადისციპლინო სასამართლოს პრეზიდენტთან, მართლმსაჯულების საბჭოს გენერალურ მდივანთან, სლოვენიის მოსამართლეთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარესთან და ევროკავშირის პროექტის საერთაშორისო ექსპერტთან.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნობიან: სლოვენიის მართლმსაჯულების სისტემას, სლოვენიის სასამართლო რეფორმას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ჭრილში, მართლმსაჯულების საბჭოს ძირითად ფუნქციებს, ეთიკისა და მიუკერძოებლობის (integrity) კომისიის მუშაობას, მოსამართლეთა ეთიკის კოდექსს, მოსამართლეთა დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკანონმდებლო რეგულირებას, სამოსამართლო სწავლების ადმინისტრირებას, დისციპლინურ სამართალწარმოებას, საქმეთა მართვას, სასამართლოს მენეჯმენტს და სხვა საკითხებს.

ვიზიტის მიზანია სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა და ასევე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ჰარმონიზაციის პროცესში ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოს შესაბამისი გამოცდილების გაზიარება.

ტეგები