რა შემთხვევაში უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაო?
ამობეჭდვა · 22 / 04 / 2018 21:53 · 217 ნახვა
რა შემთხვევაში უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაო?

დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით საათებში შესრულებული სამუშაოები ზეგანაკვეთურად ჩაითვლება. ამის შესახებ myadvokat.ge წერს.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით N329.

ასევე სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება დასაქმებულის ასაკის გათვალისწინებითაც. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.

ზეგანაკვეთურ მუშაობად ითვლება საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებაც, რომელიც ასევე გაზრდილი ოდენობით უნდა ანაზღაურდეს. გასათვალისწინებელია, რომ სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო ნაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.

შრომითი კანონმდებლობით ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების წესი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა და აუცილებელია მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყოს ამ საკითხის მარეგულირებელი მუხლი. თუმცა, ხშირია შემთხვევა, როცა დამსაქმებელი დასაქმებულთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში საერთოდ არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესსა და პირობებს და შესაბამისად არც ანაზღაურებს მას. აღნიშნული კი დასაქმებულის კანონით უზრუნველყოფილი უფლებების პირდაპირი და უხეში დარღვევაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დაქირავებულ მუშაკთა 78% აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაო არ გაუწევია, 7% კი ზეგანაკვეთურად თითქმის ყოველდღე მუშაობს. ასეთ შემთხვევებში, ზეგანაკვეთური შრომა 62%-ს არ უნაზღაურდება, 22%-ს ყოველთვის უნაზღაურდება, დანარჩენს კი პერიოდულად.

2013 წელს ზეგანაკვეთურად გამოკითხულთა 50% მუშაობდა, 20% კი თითქმის ყოველდღე, ან კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა. გამოკითხულთა 62% მაშინაც მიუთითებდა, რომ ზეგანაკვეთური შრომა არ უნაზღაურდება.

შესაბამისად, დასაქმებულთა უფლებების დარღვევა პირველ ყოვლისა, გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოებისათვის არ არის კარგად ცნობილი დასაქმებულთა უფლებები, დამსაქმებელთა ვალდებულებები და უფლების დაცვის სამართლებრივი გზები. ამდენად, თუ დამსაქმებელი არღვევს თქვენს შრომით უფლებებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ადვოკატს და მიიღეთ კონსულტაცია.

ტეგები