ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2018 13:08
ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ დღეს  საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, საქართველოს ბანკების ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე იმსჯელეს ერთი მხრივ იმ პრობლემებზე, რომელიც მორატორიუმის ფარგლებში შეიქმნა, რათა შესაბამისი ცვლილებების ინიცირება მოხდეს და, მეორე მხრივ, ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანულ კანონპროექტს შეეხება.

„მორატორიუმის პირობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორთან მიმართებაში და ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეს პრაქტიკა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი რისკი, რომელიც მათ შორის, შეიძლება ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე აისახოს.  დაახლოებით 200 მლნ ლარამდე არის პრობლემატური სესხები, რომლებიც შესაძლებელია ითქვას, რომ მორატორიუმის გამო შეფერხდა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლობის შემთხვევაში,  შესაბამისი ცვლილებები შევიდეს მორატორიუმში და, ბუნებრივია, გათვალისწინებული იქნეს ეს გარემოებები, რათა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფინანსური რესურსი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

რაც შეეხება წარმოდგენილ კანონპროექტს, იგი გულისხმობს ფიზიკურ პირ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების აკრძალვას, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებზე არანაირი შეზღუდვა არ არის. „ჩვენ ასევე სერიოზულად ვიმსჯელეთ რომ სამომავლოდ, რეტროაქტიურად ანუ უკანა ქმედებებით ვალდებულები დაეკისროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მიწას და შესაბამის სანქციებზეც იქნება საუბარი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე მოისმინეს ყველა მხარის შენიშვნები და წინადადებები კანონპროექტთან მიმართებაში.

დღესვე დაგეგმილია ასეთივე სამუშაო შეხვედრის გამართვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. უახლოეს დროში კი კანონპროექტის ინიცირება  მოხდება.

ტეგები