საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრებმა ჯამში 18 მედლის მოპოვება შეძლეს
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2018 15:16
საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრებმა ჯამში 18 მედლის მოპოვება შეძლეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ჩემპიონატზე სამბოში, წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრებმა ჯამში 18 მედლის მოპოვება შეძლეს  - 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 6 ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ მედლები ვაჟებთან ერთად გოგონებმაც მოიპოვეს.

ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ, ევროპირველობაზე წარმატებულ სპორტსმენებს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე, სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე, ვიცე-პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი და მოწვეული სტუმრები - მწვრთნელები და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

შეხვედრაზე აღინიშნა სამბისტების წარმატებული გამოსვლა ევროპირველობაზე. მინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქართული სამბოს ოჯახს და სპორტსმენებს მომავალ შეჯიბრებებზე, განსაკუთრებით კი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში თბილისში გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატება უსურვა. 

„ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა სამბოს ჭაბუკ და ახალგაზრდულ ნაკრებებთან, რომლებმაც პრაღაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დიდ გამარჯვებას მიაღწიეს როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის. ეს დიდი სტიმულია თბილისში გასამართი 2018 წლის სამბოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის. მსურს მივულოცო სამბოს ფედერაციას, სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და მსაჯებს და წარმატებები ვუსურვო მომავალში“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.   

სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ქართული სამბო კიდევ უფრო წარმატებული იქნება.  

ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში საქართველოს როგორც ახალგაზრდულმა, ისე ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ვაჟებმა ახალგაზრდებს შორის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს, ხოლო ჭაბუკებს შორის ერთით ნაკლები ბრინჯაო მოიპოვეს. რაც შეეხება გოგონებს, ისინი სამშობლოში 2 ვერცხლითა და 1 ბრინჯაოთი დაბრუნდნენ.

2018 წელს ახალგაზრდა ქართველ სამბისტებს წინ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ელით. მსოფლიო ჩემპიონატს ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს. შეჯიბრება 12-14 ოქტომბერს თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.  

საქართველოს ახალგაზრდა და ჭაბუკთა ნაკრებების შედეგები ევროპის ჩემპიონატზე

ახალგაზრდები 

3 ოქრო - საბა გრიგალაშვილი (62 კგ), გაგა ბახტიძე (68 კგ), ზვიად თევდორაშვილი (74 კგ); 

2 ვერცხლი - გიორგი ჭუმბურიძე (52 კგ), ნიკა სიდამონიძე (90);

3 ბრინჯაო - გოგა ვარდოსანიძე (57 კგ), ლაშა მათიაშვილი (82 კგ), სოგრატ სვანაძე (+100 კგ).

ჭაბუკები 

3 ოქრო - ნიკა კოჩალიძე (52 კგ), ალექსანდრე ხუბულური (81 კგ), გოჩა ღვაჩლიანი (87 კგ);

2 ვერცხლი - ავთო მუკბანიანი (60 კგ), ერეკლე ოძელაშვილი (70 კგ); 

2 ბრინჯაო - გიორგი მეხრიშვილი (48 კგ), ელიზბარ თურქია (56 კგ).

გოგონები

2 ვერცხლი -  ელისო სისაური (68 კგ), თინათინ რევაზიშვილი (60 კგ);

1 ბრინჯაო - მარიამ ცერცვაძე (+80 კგ). 

ჯამში -6 ოქრო, 6 ვერცხლი, 6 ბრინჯაო

სინქრონები

1) მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრი)

2) ავთანდილ ცინცაძე (სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი)

3) ზვიად თევდორაშვილი (ევროპი ს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის)

4) ელისო სისაური (ევროპის ვერცხლის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის)

ტეგები