საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა საყურადღებოდ
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2018 17:18
საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა საყურადღებოდ

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018-2019 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას 25 აპრილიდან იწყებს. ინფრომაციას 1tv ავრცელებს.

კონკურსი ოთხ - სასტიპენდიო, საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სახელოვნებო აკადემიურ პროგრამებზე ცხადდება. ოთხივე პროგრამა 30-მდე ქვეყანაში როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო ბიუჯეტისა და დონორების დაფინანსებით, სასტიპენდიო ბიუჯეტი ჯამში 10-მდე მილიონი ლარია.

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ჭელიძის განმარტებით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის 150-მდე სტიპენდიის გაცემა იგეგმება. ჭელიძე აპლიკანტებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება სამოტივაციო წერილს დაუთმონ.

„განათლების საერთაშორისო ცენტრი 25 აპრილიდან 25 მაისამდე ოთხ სასტიპენდიო სქემას გამოაცხადებს. სააპლიკაციო სისტემა ხვალ 14:00 საათზე გაიხსნება და 25 მაისამდე ღია იქნება. ​

სასტიპენდიო სქემები მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ფინანსდება როგორც სამაგისტრო, სადოქტორო და ხელოვნების საშემსრულებლო პროგრამები, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება იმ ხალხს ექნება, ვინც საჯარო სექტორში მუშაობს. სასტიპენდიო პროგრამა ყველა პროგრამაზე დაახლოებით 120-დან 150 სტიპენდიამდე გასცემს. სამაგისტრო ხარისხი უფრო მოთხოვნადია. ყველწლიურად ნაკლები დოქტორანტი გვყავს.

აპლიკანტების ზოგადი რიცხვი კი იზრდება. სასტიპენდიო სქემა ჩვენი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებების, ასევე აგრონომების, მასწავლებლების პროგრამებზე სწავლებას გულისხმობს“ – აცხადებს ჭელიძე.

განათლებისა მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული სტიპენდიანტები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებსაც გაუზიარებენ.

„განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამები ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში უაღრესად დიდ როლს ასრულებს. ჩვენს საუკეთესო სტუდენტებს საშუალება აქვთ, რომ მონაწილეობა ამ პროგრამაში მიიღონ და უცხოეთში მოღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს მოახმარონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მათგანი სწორედ საგანმანათლებლო სივრცეში კერძოდ უნივერსიტეტებშია ჩართული. მომავალში ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ ტიპის პროგრამები რაც უნივერსიტეტების ფარგლებში ხორციელდება პროფესიულ სასწავლებლებშიც გავავრცელოთ. გვსურს, რომ უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ძალიან აქტიურად პროფესიულ განათლებაში ჩაერთონ და ცოდნა და გამოცდილება უკვე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს გადასცენ” – განმარტავს ჩხენკელი.

ტეგები