„საქმე მილიონობით ლარის გაფლანგვას ეხება“ - რა ხდება საქართველოს რაგბის კავშირში
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2018 21:32
„საქმე მილიონობით ლარის გაფლანგვას ეხება“ - რა ხდება საქართველოს რაგბის კავშირში

ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი ზვიად მაღლაკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„რაგბი, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და კოლექტიური სპორტია ეს უდავოა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა მალე სპორტის ეს სახეობაც ჩაიძირება, რომელიც თაობებმა საკუთარი შრომის და უდიდესი ღვაწლის შედეგად დღემდე ღირსეულად მოიტანეს! ჩვენმა ლომებმა მრავალჯერ გვასახელეს და მსოფლიო ასპარეზზე არაერთხელ ააფრიალეს ქართული დროშა. რაგბი ჩვენი თამაშია და არავის მივცემთ მისი განვითარების შეფერხების უფლებას!

რა ხდება დღეს საქართველოს რაგბის კავშირში, რატომ დუმს სახელმწიფო და სად გადის ზღვარი სამართლიანობასა და კორუფციას შორის. ჩვენ სახეზე გვაქვს დოკუმენტი საქართველოს რაგბის კავშირში ჩატარებული აუდიტის დასკვნის შესახებ, რომელიც 2016 წლის 30 სექტემბრით თარიღდება და მასში აღწერილია სრკს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

თუ ამ დოკუმენტს გულდასმით გავეცნობით ბევრ საეჭვო ვითარებას აღმოვაჩენთ. აქ გარკვევით წერია, რომ ვერ მოხერხდა აუცილებელი მტკიცებულებების აღება ხარჯების არსებობაზე, ამასთანავე ვერ მოხერხდა პირველადი დოკუმენტაციისა და აუდიტორული მტკიცებულების მოპოვება. ეს დასკვნა უმძიმესი ხარისხის კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან აუდიტორს არ გააჩნია მოსაზრების გამოთქმისთვის საჭირო საფუძველი. მტკიცებულებების არქონის გამო მან უარი განაცხადა ფინანსური ანგარიშგების შესახებ მოსაზრების გამოხატვაზე. სრკს ოფიციალურ გვერდზე კი გამოქვეყნებულია მწირი, ბუნდოვანი მასალა, რაც გამჭვირვალობის დაბალი ხარისხის ნათელი მაგალითია. ბურუსითაა ეს ყველაფერი მოცული საქმე კი მილიონობით ლარის გაფლანგვას ეხება.

ისმის კითხვა ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? რატომ არ მოჰყვა უფლებამოსილი უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება? სად არიან მაკონტროლებელი ორგანოები, რატომ დატოვეს ეს საკითხი ყურადღების მიღმა და არ მოსთხოვეს მათ პასუხი თანხების გაფლანგვისთვის.

სამწუხაროა, რომ კარგად მოირგეს თანამდებობები და არავის აღელვებს ახალბედა სპორტსმენების, მწვრთნელების, ვეტერანების, კლუბების და ნაკრებების ბედი, შედეგად ვიღებთ მავანთა გასქელებულ ჯიბეებსა და სისხლგამოწოვილ სპორტსმენებს. რა დააშავეს იმ ბავშვებმა, რომლებიც უსახსრობის გამო ხშირად სპორტს თავს ანებებენ და ვინ იცის რამდენ ნიჭიერ მორაგბეს ვკარგავთ. მე გული შემტკივა იმ უსამართლობაზე რაც დღეს ხდება რაგბის დიდ ოჯახში. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება წინ უნდა აღვუდგეთ ამ უმსგავსობას და დავავალდებულოთ სახელმწიფო, რომ მოახდინოს ადეკვატური რეაგირება.

#ერთადგადავარჩინოთქართულირაგბი.“

Zviadi Maglakelidze-ს ფოტო.

ტეგები