რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ ბუქარესტში შეხვედრები გამართა
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2018 11:39 · 43 ნახვა
რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ ბუქარესტში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით ბუქარესტში იმყოფება. დელეგაციის ხელმძღვანელის, ისკო დასენის და დელეგაციის წევრების: გიორგი მოსიძის, მამუკა ჩიქოვანის, კობა ლურსმანაშვილის და პაატა მხეიძისმონაწილეობით, საპარლამენტო დელეგაციამ რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს, ლასზლო ოდონ ფეჯერს და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ისკო დასენმა მადლიერება გამოხატა მასპინძელი მხარის მიმართ და აღნიშნა, რომ მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო თანამშრომლობა და ამგვარი გაცვლითი ვიზიტები, ქვეყნებს საშუალებას აძლევს დაამაყარონ კონტაქტები, ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გამოხატონ მხარდაჭერა და ხელი შეუწყონ სასარგებლო ურთიერთთანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობა და მომავალში ამ კუთხით თანამშრომლობის გასააქტიურებლად მზაობა გამოითქვა. რუმინულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუმინეთსა და საქართველოს შორის მტკიცე თანამშრომლობის განვითარების არსებულ პოტენციალს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუმინეთი იყო იმ პირველთაგანი, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეხვედრას საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საქართველოში რუმინეთის ელჩი რადუ ლივიუ ჰორუმბი ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია, დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, კარმენ ილეანა მიჰალჩესკუმ მიიღო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარებას, რუმინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას და სხვადასხვა სექტორში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. კარმენ ილეანა მიჰალჩესკუმ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს იგი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა", რაც ქვეყანის უკეთ გაცნობის და ქართველ კოლეგებთან შეხვედრის საშუალებას მისცემს. საქართველო-რუმინეთის მეგობრობის ჯგუფის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რუმინეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მაღალ მნიშვნელობას.

საქართველოს პარლამენტის რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ტეგები