მსჯავრდებულებს პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდი სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვლებათ
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2018 12:42
მსჯავრდებულებს პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდი სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვლებათ

მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდი სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვლება. შესაბამისი ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებების ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა მხეიძეა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „პატიმრობის კოდექსში“ 2017 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მსჯავრდებულთა გარკვეულ კატეგორიას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების განსხვავებული უფლება მიენიჭა.

„კერძოდ, მსჯავრდებულს შეუძლია დაწესებულება შემდეგი პირობით და ვადით დატოვოს: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის ან მუშაობის შემთხვევაში, ასევე დასვენების და უქმე დღეებში; დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ერთი კვირის განმავლობაში არაუმეტეს სამი დღე-ღამისა. გარდა ამის, ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა ქალთა სპეციალური დაწესებულება დატოვა, უფლება აქვს, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, დასვენების და უქმე დღეებში დაწესებულება დროებით დატოვო. აღნიშნული ცვლილებების მიღებისას მითითება გათვალისწინებული არ იყო, რომ მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების პერიოდი მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ტეგები