საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა და მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2018 20:40
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა და მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტსა და სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელეს.

მცირე ბიზნესის წახალისების და მხარდაჭერის მიზნით, მთავრობა პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შემოვიდა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანს მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეგულაციების ცვლილება და ამ კატეგორიის გადამხდელთათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ მოდელზე გადაყვანა, საჰაერო ფრენებთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლება, ეტლის მომხმარებელი პირის მიერ ადაპტირებული ავტომანქანის იმპორტის გათავისუფლება აქციზის გადასახადისგან, გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ცალკეული ნორმის დაზუსტება, აგრეთვე, ზოგიერთი რედაქციული უზუსტობის გასწორება წარმოადგენს.

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის ძირითად არსზე და დამსწრეთა კითხვებსაც უპასუხა.

მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, შეიცვლება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები: მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5 % -ისა. 100000 ლარიდან 500000 ლარამდე იზრდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა და ა.შ.

პროექტის შესაბამისად, სხვა ცვლილებებთან ერთად, იცვლება მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების პირობები. სტატუსი არ გაუუქმდება პირს, თუ მისი ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის მიხედვით, მცირე ბიზნესის საქმიანობის ნაწილში არ გადააჭარბებს 500 000 ლარს. ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი.

ცვლილებებით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის სატრანსპორტო საშუალების იმპორტირებისას და ა.შ.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა და საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომაზე ალტერნატიული კანონპროექტები წარადგინეს, რომელთა პრინციპები ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობისათვის მიუღებელია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ მომხსენებლს რამდენიმე წინადადებაი წარუდგინა, რომლებმაც კანონპროექტის კიდევ უფრო გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტი ამ წინადადებებს ინიციტორებს შენიშვნის სახით წარუდგენს.

კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად ალტერნატიულ კანონპროექტებს მხარი არ დაუჭირა.

სხდომაზე პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გოჩა ენუქიძის და დავით სონღულაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის ზოგადი დებულებების თაობაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა გოჩა ენუქიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მომზადება მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშების წესში ცვლილების განხორციელების აუცილებლობამ განაპირობა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება მოხდება არა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის მიხედვით, არამედ განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის შესაბამისად, რის შედეგადაც მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განსხვავებულად განისაზღვრება სხვადასხვა ფართობის შენობა– ნაგებობებთან მიმართებაში და, შესაბამისად, მოსაკრებლის ოდენობა, კანონმდებლობის შესაბამისად, პროპორციული იქნება მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით. ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით დგინდება მოსაკრებლის ახალი ოდენობა: თითოეული კვადრატული მეტრისათვის ის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - 5 ლარს.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოდგენილია დასკვნა, რომელშიც გარკვეული შენიშვნაა გამოთქმული და მან იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტის ავტორები ამ შენიშვნას გაითვალისწინებენ. საბოლოოდ, კომიტეტმა მთავრობის შენიშვნის გათვალისწინებით, კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა პარლამენტის წევრების, ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა კანონმდებლებს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები: „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ (2013) და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ (2014), ასევე „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება“, რომლებსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით სულხან მახათაძემ წარადგინა და კოლეგებს კანონპროექტის ზოგადი დებულებები გააცნო. მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია, ტყის ეროვნული აღრიცხვისთვის სატყეო სექტორის კანონმდებლობაში სათანადო სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.

სულხან მახათაძის განცხადებით, დღეს არსებული რეგულაციით, ტყის აღრიცხვა მხოლოდ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხორციელდება, წარმოდგენილი კანონპროექტით კი ტყის ეროვნული აღრიცხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
მანდატურის ინსტიტუტის უფრო მეტი დამოუკიდებლობა და სკოლაში უსაფრთხო გარემო უნდა უზრუნველყოს კანონპროექტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და რომელიც კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ წარადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ინსტიტუტის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ახალი რეგულაციების შემოღება. თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, არც ერთი სკოლა არ დარჩება ვიდეოაღჭურვის გარეშე და ყველა სკოლაში იქნებიან მანდატურები, რათა სკოლებში უსაფრთხო გარემო მეტად იყოს უზრუნველყოფილი.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ტეგები