სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2018 20:42
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, დღეს, სტრატეგიისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები სტრატეგიის პრეზენტაციას, რომელსაც დაეფუძნება სამომავლო საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულად იყოს დანახული ის პრიორიტეტები, რომელიც ჩვენ გვაქვს როგორც სპორტის, ისე ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია სპორტის განვითარება ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია ზრუნვა იმაზე, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება. ზუსტად ამ საკითხებით არის დაკავებული სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი და ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ამ კომიტეტის ეფექტიანი მუშაობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ სპორტის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საჭიროა მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ არსებული წარმატებები და შედეგები კიდევ მეტად გაიზარდოს და გაუმჯობესდეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანა იყო კომიტეტისთვის სტრატეგიის შემუშავება და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვით საერთაშორისო პარტნიორებს. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და განაცხადა, რომ მათი დახმარება და მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას. რომ არა მათი დახმარება, ბუნებრივია, ეს საქმე ასეთი წარმატებით ვერ შესრულდებოდა. ჩვენ ეს ორგანიზაციები გვეხმარებიან სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს პარლამენტში და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულად ამ მიმართულებით თქვენი დახმარება და მხარდაჭერა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმასაზოგადოებას 2017 წლის ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, კომიტეტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაციითა და საბაზისო კვლევების ჩატარების საშუალებით შეძლო განესაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკა. ასევე, სპორტის საკანონმდებლო ბაზის განვითარებისათვის დაიწყო კონსულტაციები. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში აისახა, რომ სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ბავშვთა და ახალგაზრდობის სპორტში ჩართვაზე.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო კუთხით მუშაობა გრძელდება, რომლის შედეგადაც ქვეყნას ექნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.

მიხეილ ყაველაშვილმა წარმოადგინა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგია და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც კომიტეტის ინიციატივით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა.

მომხსენებელმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებზეც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს კომიტეტმა, „რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების იმ მიმართულებით განვითარებას, რომ მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და საზოგადოების პოზიტიური გარდაქმნის პროცესში აქტიური მონაწილეობა სპორტის უნიკალური ფუნქციისა და პოტენციალის გამოყენებით, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანური რესურსის განვითარება, ასევე სპორტის პრინციპებისა და ფასეულობების დაცვა თანამედროვე საფრთხეებისა და გამოწვევებისაგან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან დეტალურად ისაუბრა იმ თემატურ პრიორიტეტებზე, რომლებზეც კომიტეტი იმუშავებს შესაბამის სამინისტროებთან და ორგანიზაციებთან ერთად.

მან ასევე წარმოადგინა კომიტეტის ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს სპორტი ახალგაზრდებისათვის და ახალგაზრდებთან ერთად, ისაუბრა მიზნებზე და ამოცანებზე, რაც კომიტეტმა დაისახა უახლოესი წლების განმავლობაში.

პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანიგამოვიდა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. მინდა აღვნიშნო, რამდენად წარმატებულია ჩვენი თანამშრომლობა სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტთან. როდესაც ჩვენ ამ სფეროში ვახორციელებთ ძალისხმევას, ჩვენ ვაცნობიერებთ და ვაფასებთ იმ წარმატებას, რომელიც ქართველ სპორტსმენებს გააჩნიათ ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში“,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სფეროში კიდევ უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

„მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი ზოგადა ძალიან ბევრს აკეთებს ახალგაზრდობისთვის, სპორტისთვის, ეს ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ. ჩვენ გვაქვს პროგრამები და საქართველოს უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერა და დახმარება ექნება სპორტის სფეროში, ახალგაზრდობის განვითარების სფეროში, ჩვენ ამისთვის რესურსები გაგვაჩნია და თქვენთან ერთად განვსაზღვრავთ როგორ შეიძლება მოგახმაროთ რესურსები იმისათვის, რომ კიდევ უფრო ქმედითი იყოს დახმარება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. ეს ორი მიმართულება არის მომავლის გზავნილი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მომავალი საერთო გვაქვს და ამაში ინვესტიცია ნამდვილად ღირს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

დადებითად შეაფასა წარმოდგენილი სტრატეგია გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა.

„პარლამენტი დღეს წარმოადგენს კომიტეტის ანგარიშს და სტრატეგიას სპორტისა და ახლგაზრდობის სფეროში. ამით აღიარებულია, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში პარლამენტი ყველა ძალისხმევას გამოიყენებს რათა ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეში ძალიან დიდი საქმეები აკეთოს, რომ საკანონმდებლო ინიციატივები განახორციელოს, პოლიტიკა განსაზღვროს, რომლითაც ქვეყანაში მდგრადი განვითარების შესაძლებლობა იქმნება. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი. კომიტეტის გეგმები კონკრეტულ ნაბიჯებს ეფუძნება, რათა გაუმჯობესდეს კანონშემოქმედებითი პროცესი იმ სფეროებში, რომლებიც არა მარტო საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს შეესაბამება, არამედ შეესაბამება მდგრადი განვითარების და ევროკავშირთან ასოცირების მიზნებს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა.

ნილს სკოტის შეფასებით, საქართველოს პარლამენტი ანგარიშვალდებული ინსტიტუცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს სხვადასხვა სფეროში.

„საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანა, და ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის სტატუსის განსაზღვრა, ეს არის ძალისხმევა, რომელიც ძლიერ პარლამენტთან ასოცირდება. ეს არის გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ინსტიტუცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს სხვადასხვა სფეროში. დღეს ჩვენ კვლავ გვაქვს საშუალება, რომ მივულოცოთ პარლამენტს ის ძალისხმევა, რომელიც ემსახურება დასახული მიზნებისკენ სვლას, ანგარიშვალდებულების, პატივისცემის მიმართულებით“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მთავრობის, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის, ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების, ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ტეგები