ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტმა მორიგი სხდომა ჩაატარა
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 13:39 · 16 ნახვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტმა მორიგი სხდომა ჩაატარა

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით მორიგი სხდომა გამართა.
 
სხდომის მთავარი საკითხი იყო ქვეკომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის არჩევა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტმა ამ პოსტზე ლეონიდ იემეტსი აირჩია.
 
დღევანდელ სხდომაზე, ასევე, განხილული იყო ეროვნული პარლამენტარებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ეხება.
 
„ძალიან საინტერესო დოკუმენტია, რომელიც ლონდონის მიდელექსის უნივერსიტეტის პროფესორებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტთან თანამშრომლობით მოამზადეს. მათ შექმნეს ძალიან საინტერესო სტანდარტები, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტარს გამოადგება იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვაზე და მათ პოპულარიზაციაზე იმუშაონ ეროვნულ პარლამენტებში.
 
დოკუმენტში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და აღსრულების საკითხებს, სადაც მოყვანილია საქართველოს მაგალითი. ამ სახელმძღვანელოს აქვს განსხვავებული მოდელი ანუ შერეულ მოდელი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად იხილავს, მათ შორის, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც კომიტეტმა განიხილა  და შემდეგ ის წარედგინება პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტმა, ქვეკომიტეტის პრეზიდენტად ეკა ბესელიას არჩევის შემდეგ, დღეს მესამე სხდომა ჩაატარა.

ტეგები