ექიმი ქალის ინტიმური ფოტოს გავრცელებისა და შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ბოდიშს იხდის
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 20:05 · 1307 ნახვა
ექიმი ქალის ინტიმური ფოტოს გავრცელებისა და შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ბოდიშს იხდის

გუშინ ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ოფთალმოლოგმა, ბაჩო შენგელიამ ქალთან ერთად გადაღებული ინტიმური ფოტო გაავრცელა, უცენზურო კომენტარით. გარდა იმისა, რომ პირადი ცხოვრების შესაძლო დარღვევას ეხებოდა საქმე, მან ქალი რასისტულ კონტექსტში მოიხსენია. 

„ლიბერალი“ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაუკავშირდა. მოგვიანებით ექიმმა პოსტის შესახებ განმარტება გააკეთა და ბოდიში მოიხადა. საავადმყოფოში ამბობენ, რომ ექიმი არცერთ უნივერსიტეტში არ ასწავლის. 

„2018 წლის თებერვლის თვეში ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში დავიწყე მოღვაწეობა საქველმოქმედო მიზნით, ექიმ ოფთალმოლოგად. გავიცანი უამრავი საინტერესო და კეთილი ადამიანი. ფოტოზე აღნიშნული ქალბატონი გავიცანი არასამედიცინო გარემოში და მთელი იქ ჩემი ყოფნის პერიოდში გვქონდა იდეალური ურთიერთობა, მიუხედავად ეთნიკური, სოციალური, კანის ფერის და განსხვავებული რელიგიური მრწამსისა.

სწორედ ჩემი ემოციის და ანტიქსენოფობიური მოსაზრების დაფიქსირება მსურდა იმ ქსენოფობიურ სიუჟეტზე, რომელზეც ხანგრძლივი დისკუსია გავმართეთ. ემოციურ ფონზე სამწუხაროდ არასწორად და არაეთიკურად იქნა ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრება გადმოცემული, თან მხოლოდ ეს არაეთიკური ნაწილი იქნა გამოყენებული (screen), რამაც Facebook-მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. ამ არაკორექტული და არაეთიკური ნაწილის გამო, მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას!", - წერს ექიმი ბაჩო შენგელია. 

 

წყარო