ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 21:42
ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომა გაიმართა

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის ხელმძღვანელობით მეექვსე სხდომა გამართა.

 

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმინეს.

 

სხდომაზე პარტნიორებმა განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები.

 

„ევროპელი პარტნიორებისგან ძალიან პოზიტიური შეფასებები მოვისმინეთ იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. 2017  წელი იყო გამორჩეული იმ შედეგების თვალსაზრისით, რომელსაც საქართველომ ევროპული ინტეგრაციის კუთხით მიაღწია. ჩვენ აღიარებული ვართ როგორც ასოცირების შეთანხმების განხორციელების წარმატებული მაგალითი.სხდომაზე აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველო ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს. ჩვენ გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგები როგორიცაა: ენერგეტიკულ კავშირში საქართველოს გაწევრიანება, ევროპოლთანსპეციალური შეთანხმება ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება. ყველაზე დიდი შედეგი არის ვიზის ლიბერალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო“, - განაცხადა ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

 

„მოხარული ვარ იმ მიღწევებით, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან თანამშრომლობით  ბოლო პერიოდში მიაღწია. საპარლამენტო თანამშრომლობამ  დიდი როლი ითამაშა საქართველოს პროგრესირებაში.  სხდომაზე, ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ არა მხოლოდ მიღწევებზე არამედ, ჩვენს წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე. საპარლამენტო დიალოგის შედეგად მიღწეული იქნება ამ გამოწვევების გადაჭრის ახალი გზები ხოლო, საერთო გამოწვევების გადაჭრით კი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“, - განაცხადა  ევროპარლამენტის წევრმა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, საჯად კარიმმა.

 

ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე მოხსენებით წარდგა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი.

 

„ევროპელი კოლეგების მხრიდან გაკეთდა ბევრი მხარდამჭერი განცხადება.ისინი მიესალმებიან იმ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერიქნა გაჟღერებული და უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

ევროპარლამენტარებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გააცნო.

 

ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომის დასასრულ, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო, სადაც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აისახა.

 

·         ევროპარლამენტმა და საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებს და თანამშრომლობას, დემოკრატიულ პრინციპსა და ანგარიშვალდებულებას, რაც საქართველოს ევროკავშირთან აახლოვებს. 

 

·         კომიტეტი დადებითად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას, ხალხისა და საზოგადოების სასარგებლოდ, მოახდინოს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების სრულად შესრულება და ამ გზით უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია. 

 

·         ასოცირების კომიტეტმა დადებითად შეაფასა დემოკრატიული რეფომები შემდეგ სფეროებში: ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა, ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება, მობილობა და ხალხთაშორის კონტაქტები. 

 

·         ასოცირების კომიტეტს მიაჩნია რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნის - საქართველოს მეტად წახალისება და რეფორმების მხარდაჭერა დიფერენცირების პრინციპისსაფუძველზე. კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს საქართველოსთვის გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკურლების ამბიციური მიზნების განსახორციელებლად. 

 

·         ასოცირების კომიტეტი ხაზს უსვამს სამომავლო სამუშაოების მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ამბიციური პარტნიორობის პოტენციალის სრულად ათვისებისთვის და ამ მიმართულებით იწონებს ახლად ინიცირებულ, ხელისუფლების ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, საქართველოს მისწრაფებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

 

·         ასოცირების კომიტეტი კვლავ იმეორებს საქართველოს სუვერენიტეტისდმი ევროოკავშირის უპირობო მხარადჭერას და დადებითად აფასებსახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს. აღიარებს, რომ ეს ინიციატივა ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.

 

·         ევროპარლამენტის მხადე დადებითად აფასებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეუფერხებელ მიმდინარეობას სახელმწიფოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგად რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების ერთიან ევროპულ სივრცეში თავისუფალ გადაადგილებას და ქვეყნის ევროპეიზაციას.

 

 

ასოცირების კომიტეტი მორიგი სხდომისთვის საქართველოში შეიკრიბება.​

ტეგები