ლადო სადღობელაშვილი სასიკვდილო შიმშილობას იწყებს
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2018 16:42
ლადო სადღობელაშვილი სასიკვდილო შიმშილობას იწყებს

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად პატიმრობაშჳ მყოფი ლადო სადღობელაშვილი შიმშილობას იწყებს.

ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მისი "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"ვაცხადებ უვადო, სასიკვდილო შიმშილობას!

ვითხოვ სამართალს! ძალიან მაინტერესებს, რატომ მთხოვენ პასუხს იმაზე, რაც არ გამიკეთებია?! რატომ ვარ უკანონო წინასწარ პატიმრობაში და საერთოდ, რატომ არის აღძრული ჩემს მიმართ სისხლის სამართლის საქმე?

არსებობს არა ერთი ვიდეო მასალა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ჩემს მიერ განხორციელებულ ქმედებებში საერთოდ არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ვის გაუგია დედის გინების ანდა ბოდიშის მოხდის მოთხოვნის გამო, ადამიანი დააკავონ სისხლის სამართლის წესით და მსუბუქი კატეგორიის დანაშაულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდონ პატიმრობა. მე არავის დავმუქრებივარ, არავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არ მომიწოდებია ძალადობისკენ, არ დამიზიანებია არავის ნივთი! რატომ ვარ დაუმსახურებლად ციხეში? აქვე დავძენ, რომ არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია სასჯელაღსრულების მინისტრთან და ციხის ადმინისტრაციის მიმართ.

ვითხოვ რათა განმათავისუფლონ! და არ მამყოფონ პატიმრობაში იმ დანაშაულისთვის, რაც არ ჩამიდენია. ჩემი პატიმრობაში ყოფნით პროკურატურა ცდილობს შეზღუდოს ადამიანის ფუნდამენტური, კონსტიტუციით გამყარებული, დემოკრატიული ღირებულებების უმთავრესი მონაპოვარი - გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არ მყავს რეალური მომჩივანი, ჩემი ქმედებით არავინ დაზარალებულა. ე.წ. დაზარალებულები თავიანთ ჩვენებებში მე ხელს არ მადებენ და მხოლოდ იმას აფიქსირებენ, რომ აქციაზე ვყვიროდი და ვიგინებოდი. რატომ მთხოვს პროკურატურა პასუხს იმაზე რაც არ გამიკეთებია?

სწორედ ამიტომ ვაცხადებ შიმშილობას! ვითხოვ სამართალს და იმას, რომ განმათავისუფლონ უმოკლეს ვადებში როგორც მე, ისე ჩემს მსგავსად უკანონოდ დაკავებული ბიჭები!

ამ პოსტის დაწერა ლადომ მთხოვა. ჩემი მხრიდან მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ლადოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მან შარშან ჩაიტარა ერთკვირიანი მკურნალობის კურსი „ნიუჰოსპიტალში“ და მისი დიაგნოზია სისხლში ვიტამინი B12-ის ნაკლებობა. ამ დაავადების ფონზე შიმშილობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ადამიანის კომაში ჩავარდნას და შესაძლოა სერიოზულად იმოქმედოს ლადოს სიცოცხლისუნარიანობაზე. მე ამ პოსტის კომენტარში ასევე ავტვირთავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ სამედიცინო დოკუმენტაციას (ფორმა ა100), რათა ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს ყველაფერი არის მოგონილი ლადოს მხრიდან. ლადოს ადვოკატი", - აღნიშნულია წერილში.

ტეგები