სოფიო ქაცარავა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2018 16:55
სოფიო ქაცარავა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართა „რედისონ ბლუ ივერიაში“, სადაც საგარეო ურთიერთობაა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სიტყვით გამოვიდა.

ფორუმის, მეორე სესიის ფარგლებში, რომელიც ახალ საინფორმაციო გარემოში სახალხო დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობას დაეთმო, სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხები განიხილეს.

ევროპული პროგრამის დირექტორის ერიკ ბრატბერგის მოდერატორობით გამართულ პანელში სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მარკ ლაიტი, სახალხო დიპლომატიის მრჩეველი მეთ არმსტრონგი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა მონაწილეობდნენ.

მსოფლიოში და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, სტრატეგიული კომუნიკაციის გაგებაზე, მიმდინარე პროცესებსა და ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია როცა ექსპერტები, პარლამენტის, მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ასეთი საკითხების გარშემო ერთად მსჯელობენ.

„მიუხედავად გამოწვევებისა ხელისუფლებას აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების და რეფორმების გატარების ურყევი კურსი, რაც თანხვედრაშია იმ ორგანიზაციების ღირებულებებთან, რომელთა წევრობაც ჩვენ გვსურს და ეს საჭიროებს კიდევ უფრო გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია გამოვარჩიოთ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისგან, ვინაიდან სტრატეგიული კომუნიკაცია ბევრად უფრო ფართო და მრავალმხრივია. ეს უნდა იყოს ეროვნული პოლიტიკის თანმდევი და ეროვნული ნარატივის ფუძე, რაც ჩართავს პროცესის ყველა დაინტერესებულ მხარეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს პარლამენტის ზედამხედველობის როლი სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინირებულად წარმართვის პროცესში, რაც უფრო პროაქტიულს გახდის მას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ სიტყვით გამოსვლისას.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში მესამედ იმართება და სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიების მიზანია სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიისა და მიდგომების შემუშავება.

ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები ნატო-ს წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან.
 

ტეგები