"პირველი სამი-ოთხი თვე იქნება კრიტიკული" - აკაკი ზოიძე თამბაქოს შეზღუდვაზე
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2018 20:37
 "პირველი სამი-ოთხი თვე იქნება კრიტიკული" - აკაკი ზოიძე თამბაქოს შეზღუდვაზე

1 მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და ტრანსპორტში სიგარეტის მოწევის აკრძალვის წესი ამოქმედდება. ამ საკითხს მიეძღვნა დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტშიჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელი სხდომა.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1 მაისი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე იქნება. ჩვენი მწეველი მოქალაქეები სოლიდარულები უნდა იყვნენ არამწეველი მოქალაქეებისადმი. ამ რეგულაციების შემოღებით იცვლება სოციალური ნორმა და პირველი სამი-ოთხი თვე იქნება კრიტიკული. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სოციალური დაძაბულობის გარეშე მოხდეს ეს და მივიტანოთ იმ პერიოდამდე, როცა ყველა მოქალაქე, მათ შორის მწეველებიც, შეიგრძნობენ ამ კანონის სიკეთეს და თვითონვე მოახდენენ კანონის ამ ნორმების დაცვას ისევე, როგორც ეს მოხდა უსაფრთხოების ღვედის შემთხვევაში“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძემ ისაუბრა იმ შესაძლო გამოწვევებზე, რაც კანონის აღსრულების შედეგად იქნება მოსალოდნელი. კომიტეტის თავმჯდომარემ იმ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც შეიძლება ამ რეგულაციების ამოქმედებას მოჰყვეს. მისი თქმით, ახალი რეგულაცია 15 წლის განმავლობაში ნაადრევი სიკვდილისგან დაიცავს 53 ათას ადამიანს, დაიზოგება 3 მილიარდ 600 მილიონი ლარი და გარემოზე მავნე ზემოქმედება საგრძნობლად შემცირდება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზი წარმოადგინა და ჩატარებული აქტივობები მიმოიხილა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის პროგრამების მენეჯერმა, კრისტინა მაუერ-სტენდერმა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

თამბაქოს მავნებლობის შესახებ, ასევე კანონის დანერგვისათვის დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა.

სხდომის შეჯამებისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ კანონის დანერგვის პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია ფართო ჩართულობა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე ჩადგება იმ ქვეყნების რიგში სადაც მოქალაქეები აღნიშნულ საკანონმდებლო რეგულაციას შეგნებით მიუდგებიან და შეასრულებენ კანონებს.

ტეგები