რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 01 / 05 / 2018 16:04
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია უძღვებოდა, პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გოჩა ენუქიძის და დავით სონღულაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

კანონპროექტით წარმოდგენილი ზოგადი დებულებების თაობაზე, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, გოჩა ენუქიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მომზადება მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშების წესში ცვლილების განხორციელების აუცილებლობამ განაპირობა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება მოხდება არა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის მიხედვით, არამედ განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის შესაბამისად, რის შედეგადაც მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განსხვავებულად განისაზღვრება სხვადასხვა ფართობის შენობა– ნაგებობებთან მიმართებაში და, შესაბამისად, მოსაკრებლის ოდენობა, კანონმდებლობის შესაბამისად, პროპორციული იქნება მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით. ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით დგინდება მოსაკრებლის ახალი ოდენობა: თითოეული კვადრატული მეტრისათვის ის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - 5 ლარს.

საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. დეპუტატებმა წარმოდგენილ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და პოზიციები დააფიქსირეს. საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, თემურ ბოლოთაშვილმა განმარტა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.




 

ტეგები