თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელეს
ამობეჭდვა · 01 / 05 / 2018 19:36
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელეს

თურქეთის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მიმართულებით ფინანსური რესურსის გამოყოფას შეეხებოდა პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებები, რომლებიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა კომიტეტს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“, „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება“ გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი შეთანხმებებით გათვალისწინებულია როგორც მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის საკითხებს, ასევე გამოყოფილი თანხის ნაწილი სამხედრო საინჟინრო სკოლის განვითარებას და თურქეთის სამხედრო-სამრეწველო კომპანიებისგან გარკვეული საქონლის და მომსახურების შესყიდვას მოხმარდება.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, წლებია თურქეთის მხარე, ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სისტემას ფინანსურ დახმარებას უწევს, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიც წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მთავრობა დადგენილებით საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხებს დაარეგულირებს.

კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებასაც გაეცნენ. მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, შეთანხმებას 2017 წლის 15 ნოემბერს აშხაბადში მოეწერა ხელი და იგი ავღანეთიდან საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მარშუტს შეეხება. „შეთანხმება ხუთ ქვეყანას შორის (ავღანეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. იგი წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა შეთანხმება მომზადდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე განცხადებით, სატრანზიტო ტვირთბრუნვა საქართველოს რკინიგზას და პორტებს მნიშვნელოვნად განავითარებს, რაც ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური სარგებელის მომტანი იქნება.

სხდომაზე „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზეც იმსჯელეს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, სადემონსტრაციო ფრენების განხორციელებისთვის, საფრთხეების და რისკების თავიდან აცილების მიზნით, ფრენის ნებართვის ასაღებად თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების ვალდებულება შემოდის. კოდექს ასევე ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სადემონსტრაციო ფრენის თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც მიაწვდის.
კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.




 

ტეგები