იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გირგვლიანის შესწორებებს“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 01 / 05 / 2018 21:38
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გირგვლიანის შესწორებებს“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (გირგვლიანის შესწორებები), რომლიც პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა წარმოადგინა.

„ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოვახდინეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტის ინიცირება, რომელსაც ჩვენ სიმბოლურად ვუწოდეთ „გირგვლიანის შესწორებები“. ცვლილება შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები დაახლოებით 13 პუნქტს ეხება“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტის მიზანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება იმ პირთა მიმართ, რომლებიც სისტემური დანაშაულის დროს უშუალოდ ასრულებენ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანებას ან დავალებას. ამ მიზნით, კოდექსს ემატება 3331 და 3332 მუხლები - „სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა“ და „სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა“. ასევე, კოდექსის რიგ მუხლებში შედის ზემოხსენებულ მუხლებზე მითითება და მკაცრდება სანქციები.

„კანონპროექტის უპირველესი მიზანია სისტემური დანაშაულის პრევენცია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად დავიცვათ სახელმწიფო ძალმომრეობითი ზემოქმედებისგან, რომ არასოდეს არ იყოს ჩვენი საზოგადოება სახელმწიფო შეთქმულების ობიექტი. ამასთანავე, ჩვენი მნიშვნელოვანი მიზანია მოხდეს ხაზგასმა, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს აკისრიათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტს ასევე საფუძვლად დაედო პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილი და წარმოდგენილი სამართლებრივი მასალებისა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე წარსულში (2004-2012 წლებში) მომხდარ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები.

საკანონმდებლო პაკეტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა.

ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციასა და მათთვის პირადი ნორმის მინიჭებას. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ისეთი სერვისები, პროგრამები და შეღავათები, როგორიცაა მაგალითად:

• მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება;

• გრანტის მიღება;

• საბანკო სერვისებით სარგებლობა;

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია;

• სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღება;

• უმაღლესი განათლების მიღება;

• პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა;

• გარკვეულ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა.

„პირველ რიგში, ეს არის ჩვენი განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა გახლავთ ურყევი და თანმიმდევრული. ეს ინიციატივა არის გათვლილ გადაუჭრელი კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობის ინტერესებზე, საჭიროებებზე. მიზნად ისახავს მათი ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კეთილდღეობის ზრდას და ასევე ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ წახალისდეს ხალხთა შორის კონტაქტები, მიმოსვლა, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობა და ამით ბიძგი მიეცეს სწორედ ნდობის მშენებლობისა და შერიგების პროცესს, რაც თავისთავად არის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი“,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით მთავრობის აღნიშნულ ინიციატივას მაღალი შეფასება მიეცა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

„ეს გახლავთ ძალიან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად მომზადებული სამთავრობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ძალიან დიდი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა ამ ინიციატივას. გამოეხმაურა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მიეცა ძალიან მაღალი შეფასება. ეს ინიციატივა უმნიშვნელოვანესია თავისი შინაარსით, მოლოდინებით, იმ შეთავაზებით, რაც ხელს შეუწყობს ძალიან თამამ, გაბედულ და კარგ მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღებას“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, რომლითაც იქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ახალი სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება.

მის უფლებამოსილებაში შევა ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებაში მოექცევა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ (გარდა ამავე კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს

თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე, საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთაგან დანიშნული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებათა ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად.

პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურებიდან, სახელმწიფო ინსპექტორს, ნაცვლად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილების ვადისა - 3 წლისა, აირჩევს 6 წლის ვადით. აქვე განისაზღვრება, რომ ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

სახელმწიფო ინსპექტორი სარგებლობს ხელშეუხებლობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სახელმწიფო ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები.

საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ საკითხზე დისკუსია ხუთშაბათს, კომიტეტის მორიგ სხდომაზე გაგრძელდება.

კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარმოადგინა.

პროექტის შესაბამისად, იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისათვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულიდან გადადის და ხდება მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა სანქციებში დიდი სხვაობა არ არის. მისივე თქმით, მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზეც, ვინაიდან ეს ქმედება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვასთან შედარებით გაცილებით უფრო მეტი საშიშროების შემცველია.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

კომიტეტის წევრები იმ ცვლილებებს გაეცნენ, რომლებიც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ შევიდა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელის თანახმად იზრდება სკოლის მანდატურის უფლებამოსილება და წესრიგის დაცვასთან ერთად მას დაევალება სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც.

ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარმოადგინა.

„ამ კანონპროექტის მიზანია უსაფრთხო გარემოს შექმნა როგორც სკოლებში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე და შსს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაზრდა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. საუბარია მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციაზე. ამ მიზნით კანონში საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით სკოლაში არ შედი პოლიცია და ასევე, მაქსიმალურად არის დაცული ბალანსი მანდატურის უფლებებსა და მოსწავლის უფლებებს შორის.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დანიშვნის წესი. კერძოდ, მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს საჯარო მანდატურის სამსახურის უფროსი.

შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებას, დაამტკიცოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები.

კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა და გარე პერიმეტრის მაკონტროლებელი ვიდეოსათვალთვალო კამერების არსებობის სავალდებულოობას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტროს,

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესს.

მანდატური იძენს განცალკევებისა და ზედაპირულ დათვალიერების უფლებამოსილებას.


მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას დამატებით უნდა ესწრებოდეს სკოლის წარმომადგენელი, რაც ემსახურება მოსწავლის ინტერესებს დაცვას. ამავე მიზნით, მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების გამოყენების შესახებ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შედგეს ოქმი, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა საფუძველზე, რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით განხორციელდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მის მშობელს, რასაც სიახლის სახით დამატებით ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი.

მოსწავლის განცალკევება შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლის ქმედებით საფრთხე ემუქრება პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. მოსწავლის განცალკევება განხორციელდება მისი მშობლის სკოლაში გამოცხადებამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსწავლის უმეთვალყურეოდ დატოვება. განცალკევება მოხდეს მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და მისთვის ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში.

კანონპროექტით ზუსტდება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედება გასაჩივრებადია, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია, შექმნას საჩივრების მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ცნება. ასევე, ემატება ახალი VII პრიმა თავი, რომელიც შედგება ორი მუხლისგან (58 პრიმა და 58 სეკუნდა მუხლები). აღნიშნულ მუხლებში გაწერილია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზნები, პროცედურა და უფლება-მოვალეობები. გამომდინარე კანონპროექტის მიზანი კი არის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის მხარდაჭერისა და მათი ინტერესების დაცვის სრულყოფილად უზრუნველყოფა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტმა, ასევე მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები.

ცვლილებები ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს სიახლეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით. ზუსტდება ადვოკატის პროფესიაში მიღებისა ეთიკის კომისიის არჩევის პროცედურები, ასევე ადვოკატის დისციპლინური სამართალწარმოებისა და სხვა პროცედურები. ამასთან კანონპროექტებით გათვალისწინებულია გაეროს ადვოკატთა საქმიანობის ის უმნიშვნელოვანესი პრინციპები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადვოკატთა საქმიანობის მაღალი სტანდარტით რეგულირებასა და დაცვას.

კანონპროექტების ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის წევრებს რედაქციული ცვლილებები გააცნო. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

სხდომაზე განხილული იქნა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითრების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (,,დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“.

მიმდინარე წლის 5 მარტის მთავრობის შესაბამისი განკარგულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 22 მარტს ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერ სამს, რომელიც ითვალისწინებს არსებული საგრანტო თანხის გაზრდას 15,394,117 აშშ დოლარით, რაც შეადგენს 27,932,117 აშშ დოლარს, ასევე ჯამური საგრანტო თანხის გაზრდის შესაძლებლობას 12,101,406 აშშ დოლარით, კერძოდ კი 42,783,523 დოლარამდე.

არსებული საგრანტო თანხის გაზრდასთან ერთად უცვლელი რჩება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების სამივე მიმართულება - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება, თუმცა იცვლება აღნიშნული მიმართულებებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობები, კერძოდ:

· კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა 8,883,395 აშშ დოლარით და შეადგენს15,621,394 აშშ დოლარს;

· დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა 4,260,723 აშშ დოლარით და შეადგენს 8,580,723 აშშ დოლარს;

· სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა 2,250,000 აშშ დოლარით და 2,730,000 დოლარს შეადგენს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი კიდევ ერთი დოკუმენტი განიხილა, კერძოდ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის) ცვლილება ნომერი შვიდი“.

2018 წლის 5 მარტის საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხელი მოეწერა ხელშეკრულების ცვლილება ნომერ შვიდს, რომელიც ითვალისწინებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე ოთხი აქტივობის „1. საქართველოში დასაქმებისა და შემოსავლების წარმოებისათვის ახალგაზრდული სამეწარმეო უნარების ხელშეწყობა; 2. გაძლიერება მომავლისათვის; 3 ოჯახური ძალადობის პრევენცია; 4. მდგრადი ტყის მართვა“ დასრულების მიზნით და ასევე, განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ დასრულებული პროექტების საბოლოო ფინანსური ანგარიშსწორებისათვის პროექტის დასრულების თარიღის გადაწევას 2018 წლის 30 სექტემბრიდან 2019 წლის 30 სექტემბრამდე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორივე დოკუმენტის რატიფიცირებას პლენარულ სხდომაზე.

კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ .

კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს წარმომადგენლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების შემცირება სანქციების გაზრდის გზით. კანონპროექტის მიხედვით, იზრდება ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე - წვრილმან ხულიგნობაზე. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე. რაც შეეხება კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის,

​სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება გამოწვევს დაჯარიმებას 1000-დან 4000 ლარამდე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ტეგები