„ქართული მარშის“ დაკავებულ წევრებს დეპუტატების ნაწილი თავდებში უდგება
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2018 15:17
„ქართული მარშის“ დაკავებულ წევრებს დეპუტატების ნაწილი თავდებში უდგება

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული „ქართული მარშის“ წევრს, ლადო სადღობელაშვილს რამდენიმე დეპუტატი თავდებში უდგება. ამის შესახებ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეზე დაყრდნობით 1tv.ge წერს.

მისი თქმით, სადღობელაშვილს პირად თავდებში უდგებიან გია ჟორჟოლიანი, დავით ჭიჭინაძე, ემზარ კვიციანი და ასევე თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური.

ამასთან, კიდევ ერთ დაკავებულს, ოლეგ დანგაძეს თავდებში უდგებიან ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება, „ქართული მარშის“ კიდევ რამდენიმე დაკავებულ წევრს თავდებში უდგებიან „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები.

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხზე მსჯელობს.

დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, „ქართული მარშის“ წევრებ საქართველოს პარლამენტის შენობასთან შიმშილობენ.

„ქართული მარშის“ შვიდ დაკავებულ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა.

პატიმრობა შეეფარდათ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს. მათ ბრალად ედებათ ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

გარდა ამისა, გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ასევე ლუკა ნაცვლიშვილს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული ოლეგ დანგაძეს, ხოლო დევი ჩილიაშვილი, ფსიქოლოგიური პრობლემის გამო, პირადი თავდებობით განთავისუფლდა.

„ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარი ინციდენტის გამო, სისხლის სამართლის წესით, 21 მარტს დააკავეს.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

ტეგები