პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2018 20:16
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ მუშაობა კვორუმის უქონლობის გამო თითქმის ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო.

„სამწუხაროდ დასწრებასთან, დაგვიანებასთან დაკავშირებით ვითარება დადებითისკენ დიდად არ შეცვლილა, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მომავალი სესიიდან მსვლელობა მივცეთ იმ კანონპროექტს, რომელიც არის ინიცირებული და რომელიც მიზნად ისახავს ამ პრობლემის მოგვარებას საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში კვორუმთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო.

პლენარული სხდომის მუშაობა კენჭისყრის პროცედურით გაიხსნა - პარლამენტმა კენჭი უყარა წინა დღის პლენარულ სხდომაზე განხილულ საკითხებს, შემდეგ კი კანონპროექტების განხილვა განაახლა.

პარლამენტმა III მოსმენით განიხილა კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გამოიტანა. მისი განცხადებით, მეორე მოსმენის შედეგად, შენიშვნები არ გამოთქმულა, კანონპროექტის მიმართ არც რედაქციული ხასიათის შენიშვნები დაფიქსირდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინა სარატიფიკაციო დოკუმენტი - „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება“. მანვე განსახილველად პარლამენტს წარუდგინა სარატიფიკაციო დოკუმენტები: „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ (2013) და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ (2014).

მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული ოქმების მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტის განსაზღვრა. შეთანხმების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან დაგეგმილია საქართველოსათვის ერთი მხრივ, 192 ათასი თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარის, ხოლო მეორე მხრივ, 220 ათასი თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობით დახმარების გაწევა. ორივე შემთხვევაში, ამ სახსრებით გაწეული დახმარება მოხმარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტების განხორციელებას.

როგორც ნუკრი გელაშვილმა აღნიშნა, ამ ოქმების გაფორმება ხელს შეუწყობს მხარეებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მთავრობის ინიციატივა კანონმდებლებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გააცნო. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია საერთაშორისო აქტების მოთხოვნების აღსასრულებლად, უწყებათაშორისი კომისიის შექმნა და საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხების დარეგულირების უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს მთავრობისათვის. ცვლილებები ითვალისწინებს ასევე არსებული კანონის, კანონთა ჰარმონიზაციის მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. ამგვარად, ცვლილება შედის 51 მუხლში რომლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მთავრობა შესაბამისი დადგენილებით დაარეგულირებს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხებს.

საკითხის განხილვის შემდეგ, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რომლის დროსაც გაიმართა რამდენიმე კომიტეტის სხდომა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტების განხილვის მიზნით. მოგვიანებით გაიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაც.

შესვენების შემდეგ კი, პარლამენტმა განახლებული დღის წესრიგით გააგრძელა მუშაობა. მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები:

· „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ , რომლითაც უნდა მოწესრიგდეს ტყის ეროვნულ აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები.

· „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც ზუსტდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები.

კანონპროექტების მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ დაფიქსირებულა.

პარლამენტმა ასევე მესამე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივა - კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიმართ შენიშვნები პარლამენტის წევრებს არ გამოუთქვამთ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და კანონმდებლებს კანონპროექტის ზოგადი დებულებები და ძირითადი პრინციპები გააცნო. წარმოდგენილი ცვლილებებით მნიშვნელოვანი შეღავათები წესდება მცირე მეწარმეებისათვის და ამან მცირე ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი.

როგორც მომხსენებლმა აღნიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ზუსტდება მცირე ბიზნესის სტატუსთან დაკავშირებული მთელი რიგი ურთიერთობები და შეღავათები. მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინისჭებისას აუცილებელი აღარ იქნება, რომ მის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატებოდეს 100 000 ლარს. ამასთან საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომელიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000 ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1 პროცენტით, ნაცვლად 5%-სა. პროექტი ითვალისწინებს სხვა სახის რეგულაციების დაზუსტებასაც, მათ შორის, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული აქტივების ჩამონათვალიდან ამოდის ზოგიერთი სახის მოგება. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ასევე საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამის გარდამავალ რეგულაციებს. მომხსენებლის განცხადებით, არის საკითხები, რომელთა შესახებ კომიტეტებში განხილვისას გამოითქვა მოსაზრება მათი დაზუსტების აუცილებლობის შესახებ და ამ საკითხებზე შეჯერება აუცილებლად მოხდება კანონპროექტის მეორე მოსმენისას.

პარლამენტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა თანმდევი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიმართ სხდომაზე შენიშვნები არ გამოთქმულა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტს გააცნო ინფორმაცია მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც გათვლილია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე, მათი მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამავდროულად, ხსნის შესაძლებლობებს და სივრცეს იმისათვის, რომ დღეს ხელოვნური ბარიკადებით გაყოფილი საზოგადოებების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის წარიმართოს დიალოგი, წახალისდეს მიმოსვლა, აღდგეს ხალხთაშორისი კონტაქტები, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო, რაც საბოლოო ჯამში შერიგებისა და ნდობის მშენებლობისკენ არის მიმართული, ეს კი სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, თავის მხრივ, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მომხსენებლის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივა სამი ძირითადი მიმართულებით უნდა განხორციელდეს, როგორიცაა: ვაჭრობა გამყოფი ხაზების გასწვრივ და ამ პროცესის წახალისება; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და გამარტივება კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის; კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთათვის სხვადასხვა სერვისსა და სიკეთეზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, რასაც სახელმწიფო ქმნის დანარჩენი მოქალაქეებისათვის.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სწორედ ამ სამშვიდობო ინიციატივის ხორცშესხმას ემსახურება მიზნად ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა. ეს კანონპროექტებია:

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა ისაუბრა კანონპროექტების ზოგად პრინციპებზე და განაცხადა, რომ კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაფართოება და გამარტივება. მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პირების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში მეტი ინტეგრაციისათვის, მათთვის ცალკეულ სერვისებზე წვდომის გაფართოებისა და გამარტივების უზრუნველსაყოფად, დამატებით შემუშავდება ახალი სტატუს-ნეიტრალური მექანიზმი. ასეთ მექანიზმად განიხილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის გზით ე.წ. ,,პირადი ნომრის“ მინიჭება.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, პირადი ნომრით რეგისტრაცია არ გულისხმობს პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებას. შესაბამისად, პირადი ნომრით რეგისტრაცია არ წარმოშობს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს თუ უფლებებს. ეს მექანიზმი ემსახურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის იდენტიფიცირების და რეგისტრაციის ამოცანას.

პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს, აქამდე არსებული რეგულაციისა და პრაქტიკისგან განსხვავებით, შესაძლებლობა ექნება, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნეიტრალური მოწმობის ან სხვა დოკუმენტის წარდგენის გარეშეც, მის ხელთ არსებული, იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის დროს გამოყენებული დოკუმენტებით მიმართვის შემთხვევაშიც, გამარტივებულად ისარგებლოს მთელი რიგი სერვისებით, როგორიცაა: მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება; გრანტის მიღება; საბანკო სერვისებით სარგებლობა; ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია; სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღება; უმაღლესი განათლების მიღება; პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა; გარკვეულ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა და სხვა. მისი თქმით, შესაძლებელია, ეტაპობრივად, კიდევ უფრო გაფართოვდეს იმ სახელმწიფო სერვისების წრე, რომლით სარგებლობასაც შეძლებენ პირადი ნომრის მქონე პირები. ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ამ კანონპროექტებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე, უდავოდ დიდი მნიშვნელობა ექნება.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა თუ რა დიდი მნიშვნელობა ექნება პარლამენტის მხარდაჭერას სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში.

დეპუტატების განცხადებით, წარმოდგენილი ინიციატივა უდავოდ მნიშვნელოვანია და იგი თვისობრივად ახალი ეტაპის დასწყისი უნდა გახდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე. მათი შეფასებით, სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო ეს ინიციატივა ძირითადი გზავნილია იქითკენ, რომ ყველა იმ სიკეთეებით სარგებლობას, რასაც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები იღებენ, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებიც შესძლებენ.

პარლამენტის წევრთა შეფასებით, ახალი სამშვიდობო ინიციატივა ნამდვილად არის კარგად გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივა. მათ, თავიანთ გამოსვლებში, სახელმწიფო მინისტრს, მთლიანად მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადეს წარმოდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის მიმართ საერთაშორისო პარტნიორები სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ. სოფიო ქაცარავამ იმედი გამოთქვა, რომ ინიციატივის განხორციელების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობაც იქნება ჩართული.

„ახალი სამშვიდობო ინიციატივა არის კარგად გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმ სიკეთეებზე და კონცეფციაზე და ვიზიარებთ იმას, რომ არის სწორად გადადგმული ნაბიჯი. გამოწვევები იქნება, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ თანმიმდევრულ მუშაობას, ზუსტად იმ მიმართულებით, რომ ეს სტრატეგია სწორი მექანიზმების საშუალებით განხორციელდეს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო პარტნიორები სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ ამ ინიციატივის მიმართ. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმატში. აბსოლუტურად ყველამ გამოხატა პოზიტიური დამოკიდებულება და იმედი გვაქვს, რომ განხორციელების პროცესში ჩართული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა განვახორციელოთ თანმიმდევრულად, რომ მივაღწიოთ იმ მიზანს, რაც გვაქვს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შემდეგ ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტის წევრთა კითხვებსაც უპასუხა.

თანამომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ ეს ინიციატივა იმ დიდი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან პოლიტიკას უკავშირდება.

„მთავარი ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ - ქართველებმა აფხაზები და ოსები, ოსებმა და აფხაზებმა კი ქართველები, რადგან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არაა მხოლოდ მიწის ნაგლეჯი, ესაა ის ხალხი, ის კულტურა, ის მეგობრობა და სიყვარული, რომელიც საუკუნეები, წლები აერთიანებდა ადამიანებს და ხელოვნური ბარიერები ვერ იქნება დიდი ხნის განმავლობაში გამყოფი“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ხოლო ნდობის აღდგენას შესაბამისი ნაბიჯი სჭირდება და სწორედ ამისთვის არის წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტიც. სოფო კილაძის განცხადებით, ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთაც ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რაც მოაქვს ევროინტეგრაციას, რეფორმებს საქართველოში. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ამ ინიციატივაში მხარს გვიჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა.

სოფიო კილაძის განცხადებით, გასაკვირია, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვაში დღეს ოპოზიცია არ მონაწილეობს, „კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიცია ამჯერად მაინც დადგებოდა ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა“,- აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მთლიანობაში ეს პროცესი შეიძლება შეფასდეს როგორც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის, სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან ძალიან კარგად გააზრებული სამომავლო ხედვა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის შეფასებით, შერიგების პროცესში სახალხო დიპლომატიას არ აქვს ალტერნატივა და აღნიშნული ინიციატივა სწორედ არის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობის.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია განათლების კომპონენტის მიმართებით წარმოდგენილი ინიციატივები, რომლებიც თანაბარ და უპირატეს შესაძლებლობებს სთავაზობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს და ახალგაზრდებს: ეს არის თანაბარი შესაძლებლობები ზოგადი განათლების თვალსაზრისით, უპირატესი შესაძლებლობები იმისთვის, რომ მათ აფხაზურ და ოსურ ენებზე შეძლონ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაში შესვლის გარანტიების მიღება და, ასევე, თანაბარი და უპირატესი შესაძლებლობები უმაღლესი განათლების დაფინანსებისთვის.

„აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობები ეხსნებათ მათ არა მხოლოდ დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამებისთვის, არამედ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამებით გათვალისწინებული შესაძლებლობებისთვის. ერასმუსის პროგრამა, ჰორიზონტ 2020-ის პროგრამა ასევე სთავაზობს ახალგაზრდა მეცნიერებს და სტუდენტებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში

ტეგები