თბილისი იმ საშიშ 3 ქალაქს შორის მოხვდა, სადაც ჰაერი დაბინძურებულია
ამობეჭდვა · 05 / 05 / 2018 10:09
თბილისი იმ საშიშ 3 ქალაქს შორის მოხვდა, სადაც ჰაერი დაბინძურებულია

თბილისი იმ საშიშ 3 ქალაქს შორის მოხვდა, სადაც ჰაერი დაბინძურებულია - ასეთია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალი კვლევის შედეგები. შედეგების მიხედვით, ყოველი 10 ადამიანიდან 9 ტოქსიკური ნივთიერებებითა და მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ქიმიური ნაერთი აზოტის დიოქსიდი, რომელიც გამონაბოლქვის შედეგია, დედაქალაქის რამდენიმე უბანში კრიტიკულ ზღვარს აღწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის უფროსის, მარინა არაბიძის თქმით, აზოტის დიოქსიდი მომატებულია წერეთლის გამზირზე. მისი თქმით, ინდიკატორული გაზომვით აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსები გამოიკვეთა ასევე, რუსთაველის გამზირზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტთან“ და სხვა ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა.

მომწამვლელი ნივთიერება, რომელსაც ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები აფრქვევს, ადამიანების ორგანიზმში ხვდება და ილექება. ეს კი მოგვიანებით, შესაძლოა, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზებისა და სიმსივნური დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

გარემოსდამცველები ამბობენ, რომ დედაქალაქს მწვანე საფარი ჰაერივით სჭირდება. ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რადგან ფიქრობენ, რომ მათი პოლიტიკა მწვანე ქალაქის წინააღმდეგაა მიმართული და ურბანიზაციის ხარჯზე ხეები ყოველდღიურად ნადგურდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ავტომანქანების გაუმართაობასთან ერთად, საწვავის ხარისხი სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვების ძირითადი მიზეზია. მათი თქმით, საწვავი, რომლითაც დედაქალაქის მოსახლეობა სარგებლობს, არ მოწმდება.

ის, რომ მოსახლეობა დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, იცინიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. საგანგაშო მონაცემების მიუხედავად, უწყება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევაში კრიტიკულ შეუსაბამობებს ვერ ხედავს.

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერი სულ უფრო მეტად ბინძურდება. დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილები მრავლდება, სუფთა ჰაერს კი მათი გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერი ანაცვლებს.

ტეგები