სექსუალური სკანდალის გამო ნობელი ლიტერატურაში წელს არ გაიცემა
ამობეჭდვა · 05 / 05 / 2018 22:09
სექსუალური სკანდალის გამო ნობელი ლიტერატურაში წელს არ გაიცემა

2018 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცემა, - ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს. ამის მიზეზი სექსსკანდალია. კერძოდ, ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო 18-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის შვედეთის აკადემიის დაფინანსებით, კულტურულ პროექტს ახორციელებდა. ამასთან, არნო კომიტეტის წევრის, პოეტისა და მწერლის, კატარინა ფროსტენსონის მეუღლეა.

ბრალდებები 1996-2017 წლებში მომხდარს ეხებოდა. ქალები აცხადებდნენ, რომ არნო მათ გენეტალიებით ეხებოდა და სექსის დროს აგრესიული იყო. ფოტოგრაფის წინააღმდეგ ბრალდებები პირდაპირ დაუკავშირდა შვედეთის აკადემიას, რადგან ზოგიერთი ინციდენტი ორგანიზაციის კუთვნილ შენობებში ხდებოდა. ნოემბერში აკადემიამ განიხილა არნოს წინააღმდეგ ბრალდებები და აღმოჩნდა, რომ ის შეუფერებლად იქცეოდა ასევე აკადემიის წევრებთან, მათ ქალიშვილებთან, ცოლებთან და კანცელარიის თანამშრომლებთან.

თავდაპირველად, მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ნობელის პრემიის ლაურეატებზე მონაცემების გამხელაში. მრავალთვიანი გამოძიების შემდეგ აკადემიის რამდენიმე წევრმა ორგანიზაციის დატოვა.

დეკემბერში, Dagens Nyheter-ი იუწყებოდა, რომ ჟან-კლოდ არნომ რამდენჯერმე გაუმხილა უცხო ადამიანებს ნობელის ლაურეატების ვინაობა მათ ოფიციალურ დასახელებამდე. არსებობდა ვარაუდი, რომ ამით ის თავის წარმოჩენას ცდილობდა. აკადემიის ყოფილმა მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლუნდმა განაცხადა, რომ მსგავსი ეჭვების შესახებ მან 2014 წელს შეიტყო და ამბის გარკვევას შეეცადა, რაზეც არნოს ცოლს, კატარინა ფროსტენსონს უკიდურესად აგრესიული რეაქცია ჰქონდა, რის შემდეგაც ენგლუნდმა საკითხის გარკვევა შეწყვიტა.

ნობელის პრემიის ისტორიაში, ბოლო 75 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლიტერატურის დარგში პრემია არ გაიცემა. აკადემიის ისტორიაში იყო მხოლოდ ერთი წელი, როდესაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არავის მიუღია. 1935 წელს აკადემიამ ღირსეული კანდიდატი ვერ შეარჩია.

ტეგები