კომერციული ბანკებიდან სესხის გაცემაზე შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდება
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 10:10
კომერციული ბანკებიდან სესხის გაცემაზე შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდება

დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რის მიხედვითაც სესხის გაცემის პროცედურა მკაცრდება.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცვლილებებით 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

იმისათვის, რომ ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად, ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.

თუ მსესხებელი შემოსავალს იღებს სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობიდან, ბანკს მოუწევს გადამხდელუნარიანობის დასადასტურებლად მისი საქმიანობის დეტალური ფინანსური ანალიზი ჩაატაროს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში საკრედიტო სტანდარტების, ასევე კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას.

ტეგები