თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 13:36 · 27 ნახვა
თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის
ფარგლებში, სარესტავრაციო სამუშაოები 18 მისამართზეა დაგეგმილი.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში სარდაფების გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები, შენობების დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის პროცესი და
დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, ხდება ნაძერწი დეტალებისა და ხის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია. თბილისის მერის განცხადებით, ტერიტორიაზე საკმაოდ მოცულობითი სამუშაოებია ჩატარებული.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ძველი თბილისი არის სიმდიდრე, რომელიც ქალაქს გააჩნია და შესაბამისად, მოწესრიგება, მოვლა-
პატრონობა სჭირდება. სამწუხაროდ, ქალაქში უამრავი ავარიული შენობა გვაქვს. ვეცდებით, რომ ეტაპობრივად, ყველა უბანში შევიდეთ და ის სიმდიდრე
გავალამაზოთ, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაა დაგეგმილი. აღნიშნული მიმართულებით, მუშაობა უკვე დაწყებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე, დაგეგმილია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის დროსაც, მოწესრიგდება და განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს. გასული წლის განმავლობაში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების (წყლის, წყალარინების, ბუნებრივი აირის და ა.შ.) სრული განახლება და იმ ქსელების მოწყობა (სადრენაჟე, სანიაღვრე) განხორციელდა, რომელიც აღნიშნულ ზონაში მანამდე არ ფუნქციონირებდა. ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური
ღირებულება დაახლოებით, 60 მილიონი ლარია. სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება. თბილისის მერთან ერთად, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე
გაეცნენ.

ტეგები