პრემიერმა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 22:22
პრემიერმა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა

ძალოსნობის ფედერაციისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჯილდოები სპორტის ამ სახეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენს - ლაშა ტალახაძეს და ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, ესპანელ ლიდია ვალენტინს, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად გადასცა.

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს აღიარება მიულოცა და დაჯილდოების ცერემონიის თბილისში ჩატარებისთვის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მადლობა გადაუხადა.

„2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ჩვენი სახელოვანი ქართველი სპორტსმენის დასახელება ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულია. მინდა, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, მრავალგზის რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს მივულოცო ეს ძალიან საპატიო ტიტული. ასევე, მთელი სულითა და გულით ვულოცავ ესპანეთის წარმომადგენელს, ქალბატონ ლიდია ვალენტინს ამ ძალიან საპატიო ტიტულის უკვე ზედიზედ მეორედ მინიჭებას. ასევე, ვულოცავ ჩვენს მეგობარ ესპანელ ხალხს და ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ რეკორდული რაოდენობის - 9 804 ხმა მიიღო, რაც ყველასთვის საამაყოა.

პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატება მიულოცა საქართველოს ძალოსნობის ფედერაცის პრეზიდენტს - "ასევე ქართულ ლეგენდა კახი კახიაშვილს, ლაშა ტალახაძის მთავარ მწვრთნელს, გამოჩენილ, საამაყო ქართველ სპორტსმენ გიორგი ასანიძეს და მთელს საქართველოს".

მთავრობის მეთაურმა ლაშა ტალახაძეს ოჯახის შექმნაც მიულოცა და უსურვა, ახლად შექმნილმა ოჯახმა საქართვეელოს კიდევ არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი შემატოს.

პრემიერ-მინისტრმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ სახელოვან სპორტსმენებს, როლებმაც ქვეყანას არაერთი დიდი სიხარული აჩუქეს.

"მინდა, დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო თითოეული თქვენგანის ღვაწლის წინაშე და მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი სიამაყე, არაერთი მომავალი თაობის შთაგონების წყარო და მომავალშიც იქნებით", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს.

ლაშა ტალახაძეს და ლიდია ვალენტინს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებისთვის განკუთვნილი ჯილდო ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ტომაშ აიანიმ გადასცა.

ცერემონიას რუსთაველის თეატრში ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ხასან აკუში, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტეგები