დაადასტურა დღევანდელმა მოწმემ, რასაც სხვა მოწმეები არ ადასტურებდნენ - გარდაცვლილი მოზარდის მამა
ამობეჭდვა · 08 / 05 / 2018 16:03
 დაადასტურა დღევანდელმა მოწმემ, რასაც სხვა მოწმეები არ ადასტურებდნენ - გარდაცვლილი მოზარდის მამა

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმის, მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია დაიკითხა. კალანდიას გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.

ლუკა კალანდიამ პროცესი სათადარიგო გასასვლელით დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ადვოკატები და მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ღიად საუბრობენ კალანდიას მიერ მიცემულ ჩვენებაზე.

მათი თქმით, ოქროს მოწმის ძმამ ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს და აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ მათ საცხოვრებელ სახლში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა.

„მთავარი დეტალი, რაც ბატონმა ლუკა კალანდიამ განაცხადა, დაადასტურა მირზა სუბელიანის სახლში ყოფნა თავისთან, როდესაც მიხეილ კალანდია და ერთ-ერთი მსჯავრდებული მასთან იმყოფებოდა. რამდენად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს მირზა სუბელიანი და ეს ბავშვები, ეს არ უთქვამს იმიტომ, რომ სახლში არ ვიყავიო. მირზა სუბელიანის იქ ყოფნა მიხეილ კალანდიამ და მამამისმა გამორიცხეს თავიანთ ჩვენებებში. ამ ბავშვმა კი დაადასტურა, რომ ნამდვილად იყო მასთან სახლში და მამას ეკონტაქტა,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ადვოკატების თქმით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი - მირზა სუბელიანი საგამოძიებო უწყებაზე, მოწმეებსა და ბრალდებულებზე გავლენას ახდენს.

„უამრავ დეტალთან დაკავშირებით მისი ჩვენებები აბსოლუტურად განსხვავდებოდა მისი ოჯახის სხვა წევრების მიცემული ჩვენებისგან, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, კონკრეტულად, მირზა სუბელიანის კონკრეტულ სახლში უმოკლეს ვადაში აღნიშნული კონფლიქტის შემდეგ დაადასტურა დღევანდელმა მოწმემ, რასაც სხვა მოწმეები არ ადასტურებდნენ,“- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ლუკა კალანდიამ დაადასტურა, რომ კონფლიქტის შემდეგ მათთან სახლში მირზა სუბელიანი იმყოფებოდა, თუმცა მისი თქმით, სუბელიანთან დაჭრის ფაქტზე არ უსაუბრია. 

ტეგები