ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2018 10:25
ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებული ნინო გეგელაშვილისთვის და გიორგი გოგებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა. ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ IPN წერს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი გოგებაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ხოლო ნინო გეგელაშვილის მიმართ კი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან ის ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს. კერძოდ, ნინო გეგელაშვილი ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და ჯგუფურად მოქმედებას კატეგორიულად გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

ტეგები